|
დასაბამი იყო ერუ, ერთადერთი მამა ყოველთა, რომელსაც არდაში ილუვატარს უწოდებენ. პირველად აინურები შექმნა, წმინდა სულები, ნაყოფი თავის აზრებისა და ფიქრებისა; ისინი მასთან იყვნენ, როცა ჯერ სხვა არაფერი შეექმნა. გამოელაპარაკა და მისცა მათ თემა მუსიკის შესათხზველად; აინურები ამღერდნენ და ილუვატარი სიხარულით აღივსო. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში აინურები მხოლოდ თითო-თითოდ ან წყვილ-წყვილად მღეროდნენ, სხვები კი უსმენდნენ. ვინაიდან სიმღერაში თითოეული მხოლოდ იმ ნაწილს აღიქვამდა ილუვატარის ჩანაფიქრისა, რომლისგანაც წარმოიშვა. თუმცა, საკუთარი ძმებისთვის ყურისგდებით, ყველა ნელ-ნელა იზრდებოდა. თანდათან, რაც უფრო მეტს იგებდნენ, აინურები მით უფრო ხმაშეწყობილად და ჰარმონიულად მღეროდნენ.
სილმარილიონი