ათწლეულების განმავლობაში ქართული გამომცემლობები არ დაინტერესებულან ჯ.რ.რ. ტოლკინის შემოქმედებით. მაგრამ 2002 წელს ეს სიჩუმე დაარღვია სრულიად მოულოდნელმა დებიუტმა - 'ჰობიტმა'.

აქ წარმოგიდგენთ ქართულად გამოცემული ტოლკინის ნაწარმოებების აღწერას. ყურადღება - გთხოვთ, ნუ მიმართავთ საიტის ადმინისტრაციას მათი ელექტრონული სახით გამოქვეყნების თხოვნით. ჩვენ არ ვფლობთ ამ მასალას და არ ვაქვეყნებთ წიგნებს, ვინაიდან მსგავსი ქმედება განიხილება, როგორც ავტორისა და გამომცემელთა უფლებების დარღვევა.


ჰობიტი (2011)

hobbit2nd1ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2011 წლის, სერიაში 'მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისათვის' გამოცემული 'ჰობიტი'. ყდაზე წარმოდგენილია ქართველი ილუსტრატორის მიერ გადახატულ-ადაპტირებული სმაუგი.
 

ბეჭდების მბრძანებელი - მეფის დაბრუნება (2011)

2011 წელს გამოცემული ’ბეჭდების მბრძანებლის’ უკანასკნელი ტომი, ქართულად.
წიგნში სამწუხაროდ, შეიმჩნევა მრავალი შეცდომა, თუმცა მათი კომპენსაცია ხდება იმ ფაქტით, რომ რომანის საერთო სული თარგმანში მაინც არის შენარჩუნებული. მთარგმნელი - ნიკა სამუშია.
წიგნს ახლავს დანართები - ქრონოლოგიები, დამატებითი მასალები (როგორიც არის ’ამბავი არაგორნისა და არვენისა’), კალენდრები და სხვა.
 

ბეჭდების მბრძანებელი - ორი ციხე-კოშკი (2010)

2009 წელს გამოცემული ’ბეჭდის საძმოს’ კვალდაკვალ გამოჩენილი ტომი. თავდაპირველად იყიდებოდა 2010 წლის წიგნების გამოფენაზე.
წიგნი წინამორბედისგან სასიამოვნოდ გამოირჩევა შეცდომების მინიმუმამდე დაყვანით. დამატებითი რუკები, გარდა შუამიწეთის ძირითადი რუკისა, არ ახლავს. მთარგმნელი - ნიკა სამუშია.
თარგმნისას განსაკუთრებით საინტერესო მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს სიტყვა ’პილო’ (ინგლისურ ვერსიაში - oliphant), რომელიც ’სპილოს’ (elephant) თითქმის ანალოგია. ასევე აღსანიშნავია ’ბაბაჭუა’ - შილობის (Shelob) სახელის ინტერპრეტაცია - ბაბაჭუას ძველად საქართველოში უწოდებდნენ მდედრ ობობას.
 

ბეჭდების მბრძანებელი - ბეჭდის საძმო (2009)

დიდი ხნის წინ დაგეგმილი ეს გამოცემა საბოლოოდ გამოჩნდა 2009 წლის ნოემბერში. სასიამოვნო ყდის მქონე ეს წიგნი აღჭურვილია შუამიწეთის მესამე ეპოქის ერთ-ერთი რუკით, ავტორის წინასიტყვაობით, მისი ბიოგრაფიით და მთარგმნელის ანოტაციებით. თარგმანი კვლავ ნიკა სამუშიას ეკუთვნის. გამოცემულია გია ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ.
თარგმანი ატარებს ტოლკინის სამყაროს ნაცნობ სულს, მიუხედავად საკმაოდ ხშირი შეცდომებისა (გამოტოვებული ასოები ამა თუ იმ სიტყვაში თუ სასვენი ნიშნები). იკითხება თავისუფლად და დიდი ინტერესით, გეოგრაფიულ ადგილებზე მოძრაობის აღწერა არ არის მკითხველისათვის დამღლელი.
 

ჰობიტი (2002)

ტოლკინის ამ შედევრის ქართულად გამოცემა ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობამ დაამთხვია ფილმის 'ბეჭდის საძმო' გამოსვლას. თავად წიგნის შეძენა შესაძლებელი იყო როგორც კინოტეატრში, ასევე წიგნის მაღაზიებში.
წიგნი ფრიად მოწიწებით არის ნათარგმნი. ახლავს ავტორის ყველა შავ-თეთრი ილუსტრაცია და ორი რუკაც - როგორც თრორის, ასევე ველურმიწეთის (ამ ვარიანტში მას 'ველური მხარე' ეწოდება). უშუალო ტექსტის თარგმანი ნინო ბარძიმიშვილს ეკუთვნის, ხოლო ლექსების - თინათინ გოგოჩაშვილს. ტოლკინის გვარი მითითებულია, როგორც 'ტოლკიენი'.
წიგნის გარეკანზე გამოტანილია, როგორც ეტყობა, კოლაჟის მეთოდით შემუშავებული სურათი - ესგაროთის გამოსახულებით. სადღაც შორს ეულ მთასაც ვხედავთ. ფაქტია, რომ ჰობიტის არც ერთი გამოცემა ასეთი ჯერ არ ყოფილა და 2002 წლის ამ ვერსიას ამ მხრივ თავისი უპირატესობაც კი გააჩნია. წიგნის უკანა ყდა ეთმობა მცირე ციტირებას რომანიდან - კონკრეტულად კი, იმ სეგმენტისა, სადაც აღწერილია გამოქვაბულში წამოწოლილი სმაუგი.
საგულისხმოა, რომ წარწერები რუკებზე არის შესრულებული არა ნაბეჭდი, არამედ ხელნაწერი შრიფტით. წიგნის გამოცემა ოფიციალურად შედგა, საავტორო უფლებების გათვალისწინებით და გამომცემლობასთან Allen & Unwin შეთანხმებით. წიგნს საკუთარი ISBN ნომერი გააჩნია - 99928-0-302-0. გვერდების რაოდენობა - 269. ფერადი ილუსტრაციები არ არის.
 
More Articles...

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

მაშინ აღაპყრო მორგოთმა გრძელი ხელი დორ-ლომინისაკენ, დასწყევლა ჰურინი და მორვენი და მათი შთამომავლობა, და თქვა: ’ისმინე! ჩემი ფიქრების წყვდიადი მოიცავს მათ, სადაც არ წავლენ, ჩემი ზიზღი გაჰყვება სამყაროს აღსასრულამდე’.

ჰურინის შვილები


Tolkien.ge