ჯ.რ.რ.ტოლკინი

headerjrrt73535 ანგლო-საქსური ენების პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, უბადლო ფილოლოგი და, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც ის თავის თავს უწოდებდა, 'ჰობიტი' ჯ.რ.რ. ტოლკინი არის XX საუკუნის ორი პოპულარული რომანის, 'ჰობიტი ანუ იქით და აქეთ' და 'ბეჭდების მბრძანებელი' ავტორი. ბოლო წლებში ტოლკინის ამ უკანასკნელ ტრილოგიას სახელი გაუთქვა რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებულმა ფილმმა. ამასთან, ბევრმა არ იცის, ვინ დგას ამ ეპოპეის უკან და კიდევ რამდენი მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს შექმნილი.


ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წლის 3 იანვარს, ბლუმფონტეინში (სამხ. აფრიკა), ინგლისელი მშობლების ოჯახში. როდესაც ის სამი წლის იყო, დედა, მის ძმა ჰილარისთან ერთად და პატარა ჯონთან ერთად, დაბრუნდა ინგლისში. ტოლკინის მამა, ართური, მოგვიანებით გარდაიცვალა სამხ. აფრიკაში. ოჯახი დარჩა ინგლისში და 1896 წლის ზაფხულისათვის საცხოვრებლად გადავიდა ბირმინგემთან ახლოს.
ტოლკინები ღარიბულად ცხოვრობდნენ. როდესაც ჯონი 12 წლის იყო, დედა გარდაიცვალა და ძმები მიბარდნენ კათოლიკური ეკლესიის მღვდელს. ძმები საცხოვრებლად დეიდებთან გადავიდნენ.

განათლება

1910-1911 წლებში ახალგაზრდა ჯონი ესწრებოდა ლექციებს მეფე ედუარდის სკოლაში, ბირმინგემში, სადაც კლასიკურ და თანამედროვე ენებს ეუფლებოდა. 1911 წელს ის გადავიდა სასწავლებლად ექსეტერის კოლეჯში, სადაც სწავლობდა კლასიკურ ენებს, ძველ ინგლისურს, გერმანიკულ ენებს, უელსურსა და ფინურს. ინტერესი ფილოლოგიისადმი მისი მხრიდან ყოველთვის იგრძნობოდა. 1913 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი 'უხსოვარი თემზის მრავალტირიფიანი ნაპირიდან'.

ომი

იმ დროს, როდესაც ტოლკინმა დაასრულა სწავლა ოქსფორდში, 1915 წელს, ევროპაში იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა. სხვებთან ერთად ის გადაისროლეს ლანკაშირში, მაგრამ დროებით დიდი მოვალეობა არ ეკისრა. ამ პერიოდში დაიწერა სახუმარო 'გობლინების ნაბიჯები'. 1916 წლის მარტში ის დაქორწინდა ედით ბრეტზე - გოგონაზე, რომელსაც მიუძღვნა ეს ლექსი.

სომის ცნობილ ბრძოლაში ჯონმა დაკარგა ყველა ახლო მეგობარი. ოთხი თვის შემდეგ უცნაური ვირუსით დაავადებული ბრძოლის ველიდან ის ინგლისში დააბრუნეს.

აკადემიური კარიერა

თავდაპირველად ტოლკინი მუშაობდა რამდენიმე ლექსიკონის შედგენაზე. ცნობილია მისი წვლილი 'იერუსალიმური ბიბლიის' შედგენაში. ამავე პერიოდში მან დაიწყო საკუთარი, უშუალოდ უელსურსა და ფინურზე დაფუძნებული ენების შექმნაც. პირველი დიდი მოთხრობა, დაკავშირებული შუამიწეთთან მან წარადგინა ექსეტერის კოლეჯის ესეების კლუბში, 'გონდოლინის დაცემის' სახით.
პროფესორის წოდების მიღების შემდეგ ის 1925 წლამდე დარჩა ლიდსში და ასწავლიდა ანგლო-საქსურ ენებს. მისი ლექსები თუ ესეები ხშირად იბეჭდებოდა ლიდსის ცნობილ გამოცემებში.

ოქსფორდი

კარიერის მთელი დარჩენილი წლები ტოლკინმა ოქსფორდში გაატარა, 1959 წლამდე. ამ დროის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია ლექცია ბეოვულფის შესახებ.
ოქსფორდში ჯონმა მეგობრებთან ერთად დააარსა 'ინკლინგთა' კლუბი. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ პაბში 'არწივი და ბავშვი', სადაც პირველად იქნა წაკითხული ჯონის ბევრი ცნობილი მოთხრობა. საზოგადოებაში ასევე შედიოდა კლაი ლიუისიც, ჯონის დიდი მეგობარი და შემდგომში 'ნარნიის ქრონიკების' ცნობილი ავტორი.
ტოლკინი კათოლიკე იყო, ხოლო ლიუისი - აგნოსტიკოსი. ამიტომ, ეს პერიოდი გამოირჩეოდა მათი ხშირი კამათებით მითოლოგიაზე. ლიუისს არ სწამდა მითებისა და ზღაპრების, ტოლკინი კი დარწმუნებული იყო, რომ მათ აქვთ მორალური და სულიერი მნიშვნელობა.

მიწაში იყო სორო...

ოქსფორდში თავისი კარიერის წლებში ტოლკინმა, ერთ-ერთი სტუდენტის ნაშრომის შემოწმებისას გვერდზე მიაწერა 'მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა'. მან თავად არც იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა და რატომ ცხოვრობდა ჰობიტი სოროში, მაგრამ სწორედ ამით ჩაეყარა საფუძველი შუა-მიწეთის სამყაროს შექმნას (მიუხედავად იმისა, რომ გონდოლინისა და ეარინდილის თემებს ადრე უკვე ჰქონდა ადგილი მის ფიქრებში). 1937 წელს გამოქვეყნდა ეს საოცარი ზღაპარი. ერთი შეხედვით, თითქოს და უბრალო სქემა ბილბო ბეგინსის მოგზაურობისა აქეთ და იქით, ჰობიტონიდან ეულ მთამდე და უკან, ყირამალა დააყენა წარმოდგენები თანამედროვე ზღაპრის შესახებ.

ბეჭდების მბრძანებელი

სტენლი ანვინის, 'ჰობიტის' გამომცემლის შეთავაზებით პროფესორმა მუშაობა დაიწყო 'ჰობიტის' გაგრძელებაზე, რომელმაც 1954 წლამდე გასტანა - ამასობაში ტოლკინს არაერთი გზააბნეულობა ხვდა წილად, რადგან რთული იყო ასეთი მდიდარი სამყაროს შექმნა, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო. ამას თან სდევდა მეორე ციკლზეც, 'სილმარილიონი', მუშაობა. ეს წიგნი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოს გამოიცა.
'ბეჭდების მბრძანებელი' უდავოდ ყველაზე სრულყოფილი ვრცელი ფენტეზი-ტრილოგია, გამოჩნდა 1954-55 წლებში, სამი წიგნის სახით - 'ბეჭდის საძმო', 'ორი ციხესიმაგრე' და 'მეფის დაბრუნება'. კრიტიკოსების ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, იწუნებდა ამ პრეტენზიულ ნაშრომს, მაგრამ მეორე აღფრთოვანებული იყო ავტორის სიყვარულით ენების მიმართ და მისი უსაზღვრო ფანტაზიით.

ტოლკინის შემდგომ


ჯ.რ.რ. ტოლკინი გარდაიცვალა 1973 წლის 2 სექტემბერს. მისი და ედითის საფლავზე სიყვარულით წერია 'ლუთიენი' და 'ბერენი', არდას ეპოპეის ორი გმირის სახელი.
რა თქმა უნდა, პროფესორის შემდეგ შუამიწეთის ისტორია არ დასრულებულა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა, კრისტოფერმა დაიწყო მამის დაუსრულებელი ნაწერების გადამუშავება. 'სილმარილიონი', შუამიწეთის ისტორიის ნამდვილი ქრონიკა, საბოლოოდ გამოიცა. მას მიჰყვა 'დაუსრულებელი მოთხრობები', ხოლო 1980 წელს საფუძველი ჩაეყარა 12 ტომიან სერიას 'შუამიწეთის ისტორია'. პარალელურად გამოდიოდა ბევრი სხვა წიგნიც, რომელიც შუამიწეთთან კავშირში არ არის, მაგრამ, თავის მხრივ, ტოლკინისტთა და ტოლკინომანთა არანაკლებ დიდ ყურადღებას იქცევს. ურიცხვია უკვე გამოცემული, ტოლკინთან დაკავშირებული ენციკლოპედიები, კვლევები, ატლასები, ბიოგრაფიული ნაშრომები.

გავლენა


ჯერ კიდევ პროფესორის სიცოცხლეში 'ბეჭდების მბრძანებლის' გამოჩენამ შვა ამ ტრილოგიის მოყვარულთა ურიცხვი ლაშქრები. ფრაზებმა წიგნიდან თავისი თავი დაიმკვიდრეს ზეპირმეტყველებასა და ლოზუნგებში, როგორიც იყო 'ფროდო ბეგინსი ცოცხალია', დაწერილი აქა-იქ კედლებზე. კინემატოგრაფის მოღვაწეები ცდილობდნენ 'ბეჭდების' ეკრანიზაციას, მაგრამ ჯონმა, რომელიც ისედაც უარს ეუბნებოდა ყოველგვარ ტექნიკურ პროგრესს (რადგან თვლიდა, რომ ის ანადგურებს ადამიანთა შორის რეალურ ურთიერთობებს), იწუნებდა სცენარებს უზუსტობების გამო. შედარებით მისაღები სახე ტოლკინის სამყაროს მიენიჭა რალფ ბაკშის ანიმაციურ ფილმში, რომელიც ეფუძნებოდა 'ბეჭდების' მხოლოდ ორ წიგნს. ჯულს ბესის და ართურ რენკინის ორი ანიმაციური ფილმი, 'ჰობიტი' და 'მეფის დაბრუნება', თითქოს, სიცარიელის შევსების მცდელობა იყო, მაგრამ მხოლოდ XXI საუკუნეში პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიამ დასვა ყველა წერტილი i-ზე. აღიარება ტოლკინის გამოცდილ მკითხველთა შორისაც კი მან მოიპოვა უბადლო მხატვრული გადაწყვეტით (დამდგმელ მხატვრებად ხომ 'ბეჭდების' და 'ჰობიტის' ცნობილი ილუსტრატორები მუშაობდნენ), პატივისცემით ორიგინალური სიუჟეტისადმი და ულამაზესი მუსიკით, რომელიც იქცა შუამიწეთის ერთგვარ განუყრელ მელოდიად. ფილმის გამოსვლამ კვლავ მიიზიდა არაერთი ადამიანი, რომლის გულშიც მოზღვავებული ინტერესი კინოტრილოგიის მიმართ გაძლიერდა და გადაიზარდა ტოლკინომანიაში.

ჯ.რ.რ. ტოლკინი იყო თავისი დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოღვაწე, რომელზეც დღესაც ბევრს დაობენ, მაგრამ უეჭველია, რომ მან შექმნა სამყარო, რომელიც კვლავ იზიდავს ახალ-ახალ თაობებს - ეს კი მხოლოდ ერთეულების წილხვედრია.
 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

ვისაც წყვდიადში გივლიათ ბევრი, გულს ნუ გაიტეხთ: ტყე, თუნდაც ბნელი
ხომ გათავდება, როცა იქნება და ცის ტატნობზე მზე გაბრწყინდება
ხან დაისი და ხანაც აისი, დღის დასასრული და დასაწყისი
აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, ტყე დაილევა...

ბეჭდის საძმო


Tolkien.ge