დანართი

ამ დანართში, რომელიც თან ახლავს 'ბეჭდების მბრძანებლის' გამოცემათა უმრავლესობას, წარმოდგენილია ახსნა-განმარტებები ზოგიერთ საკამათო საკითხზე და სხვადასხვა მასალა, რომელიც განავრცობს წიგნში ნახსენებ მოვლენებს. იხილეთ მათი სია.

დანართი A

* ნუმენორის მეფეები
o ნუმენორი (აკალაბეთის შინაარსი)
o გადასახლებული სამეფო (არნორისა და გონდორის მეფეები, დუნადანთა მეთაური და გონდორის მეფისნაცვალთა აღწერა)
+ ჩრდილოელთა ხაზი: ისილდურის მოდგმა
+ სამხრეთელთა ხაზი: ანარიონის მოდგმა
o ერიადორი, არნორი, ისილდურის მოდგმა (ჩრდილოეთ სამეფოს ისტორია არაგორნ II-ს ეპოქაში)
o გონდორი და ანარიონის მოდგმა (გონდორის, დენეთორ II, ბორომირისა და ფარამირის ისტორია)
+ მეფისნაცვალნი
o არაგორნისა და არვენის ამბავი (მათი სიყვარულის უფრო დეტალური ამბავი, ასევე მოთხრობილია მათი გარდაცვალების შესახებ)
* ეორლის სახლი (როჰანის ისტორია)
o აღსანიშნავი მეფეები
* დურინის ხალხი (დურინის მოდგმის მიმოხილვა. ნახსენებია ერებორში მოგზაურობაც. აქვე მოცემულია დურინის გენეალოგიური ხე და რამდენიმე დეტალი გიმლის შესახებ)

დანართი B


მეორე ეპოქა


მეორე ეპოქის მთავარ მოვლენათა მიმოხილვა, მათ შორის - ნუმენორისა და ბეჭდების შექმნის ისტორია.

მესამე ეპოქა


წლები 2-3017. დეტალურად განხილულია არნორის, გონდორისა და შაირის მოვლენები.

დიდებული წლები

ბეჭდის ომის რამდენიმე მოვლენის კონკრეტული მიმოხილვა (3018-3019 წლები). იწყება გენდალფის მოსვლით ჰობიტონში და მთავრდება ბეჭდის განადგურებით. აქ ასევე ნახსენებია ბეჭდის ომის დროს ჩრდილოეთით მიმდინარე მოვლენები, რომლებიც წიგნში არ არის მიმოხილული.

ბარად-დურის დაცემიდან მესამე ეპოქის დასასრულამდე

აქ მთავრდება ბეჭდების ომის მოვლენები და მითითებულია სემის ბეგ-ენდში დაბრუნების ზუსტი თარიღები.

ბეჭდის საძმოს წევრთა ცხოვრების მოვლენები

მეოთხე ეპოქის ქრონოლოგია (თარიღები მოცემულია შაირის წელთაღრიცხვის მიხედვით). მოთხრობილია, თუ რა მოხდა ჰობიტთა ცხოვრებაში. უკანასკნელი სტრიქონები ეთმობა არაგორნს, ლეგოლასსა და გიმლის.

დანართი C

ამ ნაწილში მკითხველი ეცნობა ხალხთა გენეალოგიებს.

* ბეგინსები ჰობიტონიდან
* ტუკები სმიალიდან
* ბრენდიბაკები ბაკლენდიდან
* ბატონ სემუაიზის დიდი გენეალოგია

წიგნის 50ე საიუბილეო გამოცემაში ამ დანართს ასევე დაემატა:

* ბოლჯერები ბაჯფორდიდან
* ბოფინები იალედან

დანართი D

ამ ნაწილში ტოლკინი მიმოიხილავს შუამიწეთის კალენდრების სისტემებს. ასეთებია შაირის, იმლადრისის და ნუმენორის კალენდრები. ამასთან, ყველაზე დეტალურად განიხილება შაირის კალენდარი.
აქვეა წარმოდგენილია ქუენიასა და სინდარულ ენებზე წელიწადის დროების, თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები. იგივე, რა თქმა უნდა, არის ნახსენები შაირის კალენდარშიც.

დანართი E

* სიტყვათა და სახელების წარმოთქმა
o თანხმოვნები
o ხმოვნები
o მახვილი
* დამწერლობა
o ფეანორის ეპოქის ასოები
o კირთი

დანართი F

ტოლკინი მიმოიხილავს შუამიწეთის რასებსა და ენებს და ამ ენებიდან თანამედროვე ინგლისურად თარგმნის სირთულეებს.

 

მეფის დაბრუნება

წიგნი 1

(1999 წლის 7 ტომიან გამოცემაში მას ეწოდება 'ბეჭდის ომი')

თავი 1: მინას ტირითი

გენდალფი და პიპინი ჩადიან მინას ტირითში, სადაც გონდორის მმართველი დენეთორი დამწუხრებულია თავისი შვილის, ბორომირის დაღუპვის გამო. პიპინი საკუთარი სურვილით ხდება მისი მსახური.

თავი 2: მკვდართა ბილიკი

არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი მიემართებიან მკვდარი დუნჰარელების ქალაქის გავლით. ნათქვამია, რომ მათ ოდესღაც მეფე ისილდურის წინაშე ფიცი დადეს, რომელიც გატეხეს და ამიტომ სამუდამოდ იქნენ დაწყევლილი, სანამ არ დაეხმარებოდნენ გონდორის კანონიერ მეფეს. ერეჰის ქვასთან, სადაც ოდესღაც ფიცი დაიდო, მკვდრებმა კვლავ შეჰფიცეს, ოღონდ ამჯერად - ისილდურის მემკვიდრეს. დიდი ჯარის თანხლებით, არაგორნი მიემართება ანდუინის მდინარისაკენ.

თავი 3: როჰირიმების საომარი შეკრება

როჰანი ემზადება ომისათვის. ეოვინთან ერთად (რომელსაც არაგორნი უყვარს) ფარულად მგზავრობს მერიც.

თავი 4: გონდორის ალყა

მინას ტირითი ალყაშია მოქცეული. მაგრამ უკანასკნელ წამს ჩნდება როჰანის ჯარიც.

თავი 5: როჰირიმების ლაშქრობა

მოთხრობილია, თუ როგორ შეხვდნენ როჰირიმები დრუადანებს მათ ტყეში და როგორ შემოიერთეს ბრძოლაში.

თავი 6: ბრძოლა პელენორის მინდვრებზე

პელენორის მინდვრებზე დიდი ბრძოლა იმართება. ეოვინი და მერი ერთად კლავენ ანგმარის გრძნეულ მეფეს, რომელიც ამავე დროს, ყველაზე საზარელი შავი მხედარი იყო.

თავი 7: დენეთორის სამგლოვიარო კოცონი

ფარამირი ყველას მოკლული ჰგონია. დენეთორი აპირებს მის ცოცხლად დაწვას, მაგრამ მისი ვაჟი გონს მოეგება. უკვე გვიანია - შეშლილი მეფე ცეცხლში ეხვევა და თავს იკლავს. აღმოჩნდება, რომ ის ხშირად იხედებოდა პალანტირში (ერთ-ერთი ასეთი ინახებოდა მინას-ტირითშიც).

თავი 8: სამკურნალო სახლი

მთელი ღამის განმავლობაში არაგორნი, რომელმაც ყველაფერი კარგად იცის სამკურნალო მცენარეების ძალის შესახებ, ზრუნავს ყველა დაჭრილზე.

თავი 9: უკანასკნელი თათბირი

უკანასკნელ კრებაზე გადაწყდება, რომ 7000-იანი ჯარი უნდა იქნას მიყვანილი მორდორის ასაღებად.

თავი 10: შავი კარიბჭე იღება

მორდორთან მისულებთან გამოდის არსება, რომელსაც 'საურონის ბაგე' ეწოდება. ის ცდილობს, დააშინოს ყველა და უჩვენებს ფროდოს პირად ნივთებს, რათა მიახვედროს, რომ ფროდო მორდორშია გამომწყვდეული. ამის შემდეგ ის უკან ბრუნდება და გამოდიან მორდორის ჯარები.

წიგნი 2

(1999 წლის 7 ტომიან გამოცემაში მას ეწოდება 'მესამე ეპოქის დასასრული')

თავი 1: კირით უნგოლის კოშკი

სემი აშინებს ორკებს და პოულობს ფროდოს.

თავი 2: წყვდიადის სამეფო

სემი და ფროდო, ორკებად გადაცმულები ოროდრუინისაკენ მიემართებიან. მესამე დღეს ისინი იძულებით უერთდებიან ორკთა რაზმს (რადგან მეთაური მათში ჰობიტებს ვერ ამოიცნობს).

თავი 3: ბედისწერის მთა

როგორც იქნა, ისინი აღწევენ ოროდრუინამდე. მაგრამ ამ დროს ფროდოში მოულოდნელად იღვიძებს ბოროტი და ის ბეჭედს თითზე იკეთებს. ბეჭდის გადაგდებას ის არ აპირებს. გამქრალ ფროდოს უეცრად ეცემა გოლუმი, რომელიც ბეჭდიან თითს მოაჭამს. ფროდო გონს მოდის, გოლუმი კი მოულოდნელად, ბეჭედთან ერთად ეცემა ვულკანისებურ ქვესკნელში. ორივე განადგურებულია. მორდორი ინგრევა.

თავი 4: კორმალენის მინდორი

მოქმედება ბრუნდება კორმალენის მინდვრებზე, მორდორის წინ. ამ დროს მორდორი ნგრევას იწყებს და ყველა ხვდება, რომ ფროდომ მაინც მიაღწია ბოლომდე. უეცრად ჩნდებიან არწივები, რომლებიც მიემართებიან მორდორში და მისი ნანგრევებიდან გამოჰყავთ ჰობიტები. ყველა თავს ითილიენში იყრის.

თავი 5: მოურავი და მეფე

გადის დრო და არაგორნი ხდება გონდორის მეფე. ფარამირი ამიერიდან ითილიენის მმართველია, ხოლო ეომერი - როჰანის. თვეების შემდეგ, შუა ზაფხულში, არაგორნი ქორწინდება არვენზე, ელრონდის ასულზე, რომელმაც მოკვდავთა ბედი აირჩია. არვენი სთავაზობს ფროდოს საზღაურს იმ დიდი საქმისა, რომელიც მან მთელი შუამიწეთისათის გააკეთა. ფროდოს არჩევანის შესახებ ჩვენ მხოლოდ უკანასკნელ თავში შევიტყობთ.

თავი 6: განშორებები

არაგორნი გენდალფს, ლეგოლასს, გიმლის და ჰობიტებს მიჰყვება იზენგარდამდე. ლეგოლასი და გიმლი ჩრდილოეთისაკენ იღებენ გეზს, ფანგორნის ტყის გავლით. არაგორნი შინ ბრუნდება.

გზად რივენდელში გენდალფი და ჰობიტები ხედავენ იზენგარდიდან გაქცეულ სარუმანსა და მის მსახურ გრიმა ენაგესლს.

თავი 7: შინისაკენ

ბრიში მგზავრებს ფუნდუკის პატრონი ბატერბერი უამბობს, რომ მათი წასვლის შემდეგ იქ ბევრ უსიამოვნებას ჰქონდა ადგილი. სამაგიეროდ, ჰობიტების ყველა პონი გადარჩენილია და იქვე ელოდება მათ.

თავი 8: შაირის გათავისუფლება

ჰობიტები შაირში ბრუნდებიან. აქ უცნაური ამბები ხდება - მთელი შაირი პირქუშია, გამეფებულია უცნაური წესრიგი, ყველაფერი იმართება ვინმე 'მეთაურის' მიერ. ჰობიტების შემართებით, იწყება დიდი აჯანყება. აღმოჩნდება, რომ ყველაფრის თავი და თავი არიან სარუმანი გრიმასთან ერთად, რომლებმაც ჰობიტონის დასამონებლად ადამიანების დახმარებაც. ენაგესლი გრიმა კლავს სარუმანს, ხოლო გრიმას - ჰობიტები.

თავი 9: რუხი ნავსადგური

გადის წლები. ადამიანებს სამუდამოდ ეკრძალება ჰობიტონში ფეხის შედგმა.

სემი და მეზობლის ქალიშვილი, როზი კოტონი ქორწინდებიან. მაგრამ ფროდოს არ ასვენებს ჭრილობა, რომელიც ამონ სულის დროიდან დარჩა. ის გრძნობს, რომ ამქვეყნიერებას ვერ შეეგუება და აი აქ ცნობილი ხდება, რომ საჩუქრად ელფებმა მას ნება დართეს, მათთან ერთად უკვდავ მიწებში გადასულიყო, ზღვის მიღმა. რუხ სანაოსნოში ის უერთდება ბილბოს, გენდალფს და სხვა ელფებს და ემშვიდობება მეგობარ ჰობიტებს. გემი შორს მიემართება.

სემი ბრუნდება შინ, ბენ ენდში (რომელიც კვლავ ფროდოსი იყო), როზისთან და თავის პატარა ასულ ელანორთან.

შემდეგ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ წიგნის ოფიციალური დანართის აღწერა.

 

ორი ციხე-კოშკი

წიგნი 1

(1999 წლის 7 ტომიან გამოცემაში მას ეწოდება 'იზენგარდის ღალატი')

თავი 1: ბორომირის გასვენება

ბორომირი დაჭრილია ორკთა მრავალი ისრით. სიკვდილის წინ იგი არაგორნს უამბობს, რომ ორკებმა მერი და პიპინი წაიყვანეს. ბორომირის გვამს ლეგოლასი, გიმლი და არაგორნი ნავით აყოლებენ მდინარეს. რადგან ხედავენ, რომ ფროდომ და სემმა უკვე აირჩიეს თავისი გზა, ისინი მიემართებიან სხვა ჰობიტების გადასარჩენად.

თავი 2: როჰანელი მხედრები

სამეული ეძებს ჰობიტთა კვალს. გზად მათ ხვდება როჰირიმთა, როჰანის მხედართა მთელი ლაშქარი და მათი მეთაური, ეომერი. იგი უამბობს არაგორნს, რომ წინა ღამით გაანადგურა ორკთა დიდი ურდო, მაგრამ მათ შორის არც ერთი ჰობიტი არ ყოფილა. მის მშობლიურ როჰანში კი ცუდი ამბები ტრიალებს - მეფე თეოდენი არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი ხალხი ბნელეთისგან.

თავი 3: ურუკ-ჰაი

მერისა და პიპინს ურუკ-ჰაები საკუთარი ზურგით მიათრევენ. ისინი უცნაურ ვითარებაში ითავისუფლებენ თავს და გარბიან ფანგორნის ტყეში. ამ დროს იწყება ეომერისა და მისი ხალხის იერიში ურუკებზე.

თავი 4: ხისწვერა

მერი და პიპინი ფანგორნის ტყეში გიგანტური ხის მსგავს არსებას, ენტს სახელად ხისწვერას ხვდებიან. ის იცნობს გენდალფს და ესაუბრება მათ ტყის მიღმა არსებულ სამყაროზე. ენტთა საერთო კრებაზე გადაწყდება, რომ უნდა მიიტანონ იერიში იზენგარდზე, რადგან სარუმანმა ომისათვის მზადებაში გაჩეხა ტყეების დიდი ნაწილი.

თავი 5: თეთრი მხედარი

არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი ეძებენ ჰობიტებს. ისინი დაინახავენ თეთრ მხედარს. მაგრამ მოგვიანებით, ფანგორნის ტყეში ისინი გენდალფს აღმოაჩენენ, რომელიც უკვე თეთრია და არა რუხი. იგი უამბობს მათ, რომ თეთრი მხედარი, რომელიც მათ ადრე დაინახეს, სარუმანი იყო. თავად გენდალფი კი გადაურჩა ბალროგს. უფრო მეტიც - მან გაანადგურა ბნელეთის ეს დემონი, მაგრამ დაბრუნდა სამყაროში, რათა დაასრულოს თავისი ამოცანა.
ედორასში, როჰანის სატახტო ქალაქში დაძაბულობაა და გენდალფი იქ საძმოს წევრებთან ერთად მიემართება.

თავი 6: მეფე ოქროს სასახლეში

მეფე თეოდენი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება სარუმანის ბოროტი ძალის ზემოქმედების ქვეშ. მას ასევე მართავს გესლ-ენიანი გრიმა. გრიმას აგდებენ ედორასიდან, თეოდენი განკურნებულია. ახლოვდება ომი და მეფე გადაწყვიტავს, თავისი ხალხი უფრო მეტი უსაფრთხოებისათვის გადაიყვანოს ჰელმის ხრამში.

თავი 7: ჰელმის ხრამი

მოგზაურობისას გენდალფი უეცრად ტოვებს რაზმს, მაგრამ შემდეგ, როდესაც ჰელმის ხრამი ორკთა მიერ თითქმის აღებულია, ჩნდება დიდი ჯარის თანხლებით. ყველა ორკი განდევნილია ტყეში, სადაც მათ ენტები ანადგურებენ (შენიშვნა: პიტერ ჯექსონის ფილმისგან განსხვავებით, ჰელმის ბრძოლა ტოლკინის ორიგინალში დეტალიცაზიას არ ექვემდებარება. სავარაუდოდ, პროფესორი მას არ ანიჭებდა ასეთ მნიშვნელობას).

თავი 8: გზა იზენგარდისკენ

გენდალფს მიჰყავს თეოდენი და სხვები იზენგარდში. იქაურობა მთლიანად განადგურებულია, ენტების ძალისხმევით. პიპინი და მერი ლაღად სხედან ნაგრევებზე. რაზმს ჩრდილოეთ კედელთან მიჰყვება ხისწვერა.

თავი 9: სადილი ნანგრევებში

მერი და პიპინი მოუთხრობენ ყველას, თუ როგორ იქნა აღებული ორთანკი და ის, თუ როგორ შეხვდა მათ პირველად სახეცვლილი გენდალფი.

თავი 10: სარუმანის ხმა

ორთანკიდან გაისმის სარუმანის ბოროტი ხმა. იგი ყველანაირ სიტყვიერ სიბინძურეს ანთხევს მოგზაურებზე და განსაკუთრებული ზიზღით ახსენებს ედორასს. მას დაკარგული აქვს თავისი ძალა. გენდალფს ეს ყოველივე ღლის და ის ამსხვრევს სარუმანის კვერთხს. გრიმა რაზმს რაღაც საგანს ესვრის. აღმოჩნდება, რომ ეს პალანტირია, უძველესი ქვა, რომელშიც ბევრი რამის დანახვა შეიძლება.

თავი 11: პალანტირი

რაზმი უკან ბრუნდება. გზად, ღამით, პიპინი იპარავს პალანტირს და იხედება მასში. იქ ჩნდება დიდი შავი მხედარი, გიგანტურ დრაკონზე ამხედრებული. შეშინებული პიპინი აგდებს პალანტირს ხელიდან. გაღვიძებული რაზმი ცდილობს გაარკვიოს, რა დაინახა პიპინმა. გენდალფი გამოხატავს ვარაუდს, რომ ასე საურონი ძვრებოდა სარუმანის ფიქრებში და სწორედ ამ გზით დააბნელა მისი ოდესღაც კეთილი გონება.
პიპინთან ერთად გენდალფი ედორასში მიემართება.

 

წიგნი 2

(1999 წლის 7 ტომიან გამოცემაში მას ეწოდება 'ბეჭედი დასავლეთში მიემართება')

თავი 1: სმეაგოლის მოთვინიერება

მოგზაურობისას ფროდო და სემი ხშირად ხედავენ გოლუმს, რომელიც მათ ჩუმ-ჩუმად მიჰყვება. ერთხელ, როდესაც ისინი ხვდებიან, რომ გოლუმი ძალიან ახლოს მიუახლოვდა, დიდი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ იჭერენ მას. ფროდო აშინებს ნესტარით (ხმლით, რომელიც მას ბილბომ მისცა). გოლუმი იძულებულია, უჩვენოს ჰობიტებს მორდორის გზა და გაჰყვეს მათ. მას იზიდავს ბეჭდის ძალა და დაკარგული ნადავლის დაბრუნება სურს. დრო და დრო მას პიროვნების გაორება ეწყება და კეთილი მხარე მასში ცდილობს, გადაწონოს ბოროტი, მაგრამ იგივე მცდელობები შეიმჩნევა ბოროტის მხრიდანაც. ვინ გაიმარჯვებს?

თავი 2: გზა ჭაობებში

გოლუმს ისინი მკვდარი ჭაობების გავლით მიჰყავს. შიშის ზარს მათ სცემს დრაკონზე ამხედრებული ბნელი ნაზგულის გამოჩენა, რომელიც საურონის მოგზავნილია. მაგრამ სამეული ემალება მას.

თავი 3: შავი კარიბჭე დაკეტილია

ისინი მორდორს უახლოვდებიან. შავი კარიბჭე იხურება. სხვა გზა არ რჩება, თუ არა სამხრეთიდან მორდორში შეღწევის.

თავი 4: ამბავი მოხარშულ კურდღელსა და სანელებლებზე

სემს და ფროდოს იჭერენ უცნობი ადამიანები. მათი მეთაურია ფარამირი, გონდორიდან. ჰობიტები პირველად ხედავენ ნამდვილ ბრძოლას, რომელიც გონდორელებსა და ჰარადრიმებს (გონდორის და მორდორის სამხრეთით მდებარე მიწების მაცხოვრებლები, რომლებიც საურონის მხარეს გადავიდნენ) შორის მიმდინარეობს.

თავი 5: დასავლეთის ფანჯარა

ჰობიტები მიყვანილები არიან ჰენეთ ანუნის ფარულ საგუშაგოზე. იქ ისინი აღმოაჩენენ, რომ ფარამირი დაღუპული ბორომირის ძმა არის. ფროდო უამბობს მას, თუ როგორც ცდილობდა ბორომირი ბეჭდის წართმევას. მაგრამ მათთვის თავზარდამცემია ბორომირის დაღუპვის ისტორია (ამ დროისათვის ისინი ხომ უკვე მდინარეზე მიცურავდნენ).

თავი 6: აკრძალული გუბურა

ჰენეთ ანუნის მიდამოებში გოლუმი აკრძალულ გუბურაში თევზს იჭერს. ფარამირის ხალხი იჭერს მას, მაგრამ მოგვიანებით თავად ფარამირი უშვებს მას ფროდოსთან ერთად მორდორისაკენ. იგი უძლებს ცდუნებას და არ ცდილობს ბეჭდის წართმევას, რადგან ხვდება, რომ მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

თავი 7: მოგზაურობა გზაჯვარედინამდე

ფარამირი ემშვიდობა ჰობიტებს, თუმცა აფრთხილებს ფროდოს, რომ გოლუმთან ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. გოლუმს მოგზაურები მიჰყავს ადგილთან, რომელსაც ის გზაჯვარედინს უწოდებს.

თავი 8: კირით-უნგოლის კიბე

გოლუმს ჰობიტები კირით უნგოლთან მიჰყავს, საიდანაც ისინი ხედავენ, რომ მინას მორგულს, რომელიც მორდორის დასავლეთით მდებარეობს, ტოვებენ ორკთა ჯარები.

თავი 9: შილობის ბუნაგი

გოლუმი იტყუებს ფროდოს გიგანტური ობობის, შილობის ბუნაგში. იგი ასევე აკავებს სემს.

თავი 10: ბატონი სემუაიზის არჩევანი

შილობი თავისი ნესტარით აბრუებს ფროდოს. უეცრად ჩნდება სემი, რომელიც აშინებს მას გალადრიელის მიერ მოცემული ბოთლის ნათებით და ნესტარით. მაგრამ ფროდოს ვეღარაფერი უშველის - ორკები, რომლებმაც შენიშნეს რაღაც მოძრაობა, ჩამოდიან კოშკიდან და ფროდოს თან მიათრევენ. სემს რჩება ფროდოს ბეჭედიც.

შემდეგ გვერდზე - 'მეფის დაბრუნება'
 

ბეჭდის საძმო

შემდეგი სამი გვერდი ეთმობა 'ბეჭდების მბრძანებლის' სამივე წიგნის მოკლე შინაარსის აღწერას. ეს განკუთვნილია მათთვის, ვისაც წიგნი ჯერ წაკითხული არ აქვს. ამასთან, თავების შინაარსი ძალიან მოკლედ არის მოცემული. რადგან ტრილოგია საქართველოში ოფიციალურად გამოიცემა, ვფიქრობთ, ყველას ექნება საშუალება, გაეცნოს მასში აღწერილ მოვლენათა ვრცელ ქრონიკას.

წიგნი 1

(1999 წლის 7 ტომიან გამოცემაში მას ეწოდება 'ბეჭედი გადის')

შესავალში ჩვენ ვეცნობით ჰობიტებს, შაირს, ჰობიტებისათვის საყვარელ ჩიბუხის ბალახს და შაირთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს.

თავი 1: ნანატრი წვეულება

ბილბო და ფროდო ბეგინსები ერთად აღნიშნავენ დაბადების დღეს. შაირს გენდალფი ეწვევა. თავის ბეჭდის დახმარებით ბილბო ქრება პირდაპირ წვეულებიდან. შემდეგ იგი, გენდალფის ძალისხმევით, უტოვებს ბეჭედს ფროდოს და ტოვებს მშობლიურ მხარეს.

თავი 2: წარსულის აჩრდილი

გადის დრო და გენდალფი კვლავ ეწვევა შაირს. იგი ფროდოს უყვება მთელ სიმართლეს ბეჭდის შესახებ. იგი უნდა განადგურდეს, რადგან ბნელი მბრძანებელი საურონი მას ყველგან ეძებს და შაირიც საფრთხეშია. სემუაიზ გემჯი, ფროდოს მეგობარი ამ ყველაფერს ფანჯრის მიღმა ისმენს. გენდალფი მიემგზავრება და ფროდო მას კვლავ ელოდება. მაგრამ გადის დიდი დრო და ჯადოქარი არ ჩნდება.

თავი 3: სამნი გზაში

ფროდო მიჰყიდის თავის სახლს სეკვილ-ბეგინსებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბეგ-ენდი, ბეგინსების საგვარეულო სავსეა ბილბოს მიერ წინა მოგზაურობიდან ჩამოტანილი უთვალავი ნადავლით. სანაცვლოდ ფროდო აპირებს ბაკლენდში გადასახლებას, მაგრამ გზად იგი, სემი და პერეგრინ ტუკი საზარელ შავ მხედარს ხედავენ. აქვე ხვდებიან ელფ გილდორს, სხვა ელფებთან ერთად.

თავი 4: მოკლეზე სოკოებისკენ

სამეული სტუმრობს ფერმერ მეგოტს, რომლისგანაც ისინი ჯერ კიდევ ბავშვობაში იპარავდნენ სოკოებს. ამჯერად მეგოტი თბილად უმასპინძლდება და თან აძლევს ერთ კალათს, რომელიც სავსეა გემრიელი სოკოებით.

თავი 5: გახსნილი შეთქმულება

ფროდოს ახალ სახლში თავს იყრის სამეული, მერიადოკ ბრენდიბაკთან ერთად. აღმოჩნდება, რომ დანარჩენმა სამმა კარგად იცის გენდალფის დავალების შესახებ. ფროდო გადაწყვიტავს, მეორე დღეს ტყით დაიწყოს მოგზაურობა და არა გზით, რადგან მას ასე არავინ დაინახავს. მის ახალ სახლში რჩება ჰობიტი მსუქანა ბოლჯერი - რათა არავინ მიხვდეს, რომ ფროდო გაქრა.

თავი 6: ძველისძველი ტყე

ჰობიტები იკარგებიან ძველ ტყეში. მერისა და პიპინს იჭერს მოხუცი ტირიფი, მაგრამ საშველად მოდის ტომ ბომბადილი.

თავი 7: სტუმრად ტომ ბომბადილთან

ჰობიტები სტუმრად არიან ტომთან და მის ცოლ ოქროსკენკრასთან. პირველად (პიტერ ჯექსონის ფილმისგან განსხვავებით) ფროდო სწორედ აქ იკეთებს ბეჭედს, მაგრამ ტომი მას მაინც ხედავს.

თავი 8: ნისლი ყორღანების ფერდობზე

ყორღანების დაბლობებზე ჰობიტებს ესხმიან ავი სულები. ჰობიტები პრაქტიკულად კვდებიან, მაგრამ ტომი კვლავ მოდის მათ დასახმარებლად. ნადავლის სახით ჰობიტებს გადაეცემა იარაღი იმ დიდი განძიდან, რომელიც მოგროვებულია ყორღანებზე.

თავი 9: 'მონავარდე პონიში'

ჰობიტები ჩადიან ქალაქ ბრიში. ფუნდუკ 'მონავარდე პონიში' ფროდოს უთვალთვალებს უცნაური ადამიანი. ბეგინსი ადის მაგიდაზე და მღერის მხიარულ სიმღერას, მაგრამ ძირს ეცემა და მოულოდნელად ბეჭედი თითზე ეცმევა. ფროდო ქრება და ყველას აოცებს თავისი მოულოდნელი საქციელით.

თავი 10: მოხეტიალე

მოხეტიალე კაცს ჰობიტები მიჰყავს ცალკე ოთახში. თავდაპირველად ის უხეშია, მაგრამ წერილიდან, რომელსაც ის ფროდოს გადასცემს, აღმოჩნდება, რომ იგი გენდალფის მეგობარია, არაგორნი.

თავი 11: ღამის ჭრილობა

ფროდოს სახლს თავს ესხმიან ბნელი მხედრები. მსუქანა ბოლჯერი გარბის.
ბრიში ბნელი მხედრები არბევენ ერთ-ერთ ოთახს, სადაც თითქოს ჰობიტები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა არაგორნმა ისინი წინასწარ სხვა ოთახში გადაიყვანა. სადღაც ქრება ჰობიტების ყველა პონი. ფუნდუკის მეპატრონე ბარლიმენ ბატერბერის დახმარებით, ნაშოვნია ერთი ახალი პონი, ბილი.
მოხეტიალესთან ერთად ჰობიტები აღმოჩნდებიან ამონ სულის დანგრეულ კოშკზე. იქ მათ თავს ესხმიან ბნელი მხედრები, ხოლო ერთ-ერთი ფროდოს დაჭრის, მას შემდეგ რაც ის ბეჭედს იკეთებს (იმ იმედით, რომ დაიმალება).

თავი 12: გაქცევა ფონისკენ

ფროდოს ჭრილობა სულ უფრო მწვავდება. მოგზაურობისას ჰობიტები ჩაუვლიან სამ გაქვავებულ ტროლს ('ჰობიტიდან'). გზად ისინი ასევე ხვდებიან რივენდელიდან მოსულ ელფ გლორფინდელს, რომელსაც ფროდო თან მიჰყავს. მათ მისდევენ ბნელი მხედრები. მდინარეზე მოზღვავებული ტალღა მათ წალეკავს.

წიგნი 2

(1999 წლის 7 ტომიან გამოცემაში მას ეწოდება 'ბეჭედი სამხრეთისაკენ მიემართება')

თავი 1: შეხვედრები

ფროდო იღვიძებს ელრონდის სამფლობელოში, ულამაზეს რივენდელში. აქ ის ხვდება გენდალფს და ბილბოს, ასევე ჯუჯა გლოინს და მის შვილ გიმლის, ისევე როგორც თავის ჰობიტ მეგობრებს.

თავი 2: ელრონდის საბჭო

ელრონდთან დიდი თათბირი იმართება. მას ესწრებიან სხვადასხვა რასის წარმომადგენლები. ყველა თავის ამბავს ჰყვება, გენდალფი კი ხსნის, რომ მაიარი სარუმანი, რომელიც ადრე თეთრი საბჭოს წევრი იყო, ახლა უკვე ბნელი მბრძანებლის, საურონის მხარეს არის გადასული და თავისი სამფლობელოდან, იზენგარდიდან უშვებს ბოროტი არსებების სულ ახალ და ახალ ჯარებს.
გადაწყდება, რომ ბეჭედი უნდა განადგურდეს ოროდრუინში. შედგება ბეჭდის საძმო - გენდალფის, ოთხი ჰობიტის, გონდორელი ბორომირის (მეფე დენეთორის ვაჟის), ელფ ლეგოლასის (თრანდუილის ვაჟის), გიმლის და არაგორნის სახით.

თავი 3: ბეჭედი სამხრეთში მიემართება

ბილბო გადასცემს ფროდოს თავის ძველ ხმალს, ნესტარს. ორი თვის შემდეგ საძმო ტოვებს რივენდელს და თავის გზად კარადრასის თოვლიანი მთებისაკენ მიემართება. კარადრასზე მათ უამრავი ხიფათი ხვდებათ და იძულებულები არიან, შებრუნდნენ.

თავი 4: მოგზაურობა წყვდიადში

ისინი მორიად წოდებულ მაღაროებს მიადგებიან, სადაც ოდესღაც ჯუჯების სამეფო იყო - ახლა კი ყველა ჯუჯა განადგურებულია. საძმო ასევე აღმოაჩენს ჯუჯა ბალინის სამარხს.

თავი 5: კჰაზად-დუმის ხიდი

ორკებთან ბრძოლის შემდეგ საძმოს თავს ესხმის უხსოვარი დროიდან მორიაში დასახლებული ბალროგი. საძმოს ყველა წევრი გადარჩება, თუმცა გენდალფი, რომელიც ბალროგის შეჩერებას ცდილობს, მის მიერ ქვესკნელშია ჩათრეულია. საძმო დარწმუნებულია, რომ ის დაიღუპა.

თავი 6: ლოთლორიენი

საძმოში დარჩენილები ხვდებიან ლოთლორიენის ელფებს. პირველად მრავალი წლის შემდეგ ჯუჯა ფეხს დგამს ლორიენის მიწაზე.

თავი 7: გალადრიელის სარკე

საძმო ხვდება კელებორნს და გალადრიელს. გალადრიელი ფროდოს უჩვენებს სარკეს, რომელშიც ის შესაძლო მომავალს ხედავს. შეშინებული ფროდო მას ბეჭდის აღებას სთავაზობს, მაგრამ გალადრიელი უძლებს ცდუნებას.

თავი 8: დამშვიდობება ლორიენთან

ელფებისგან პატივის ნიშნად ყველა დასაჩუქრდება. გიმლის გალადრიელი თავის კულულს გადასცემს, როგორც ნიშანს ელფების და ჯუჯების მეგობრობისა. ფროდოს კი ის აძლევს ეარენდილის ვარსკვლავის ნათების მატარებელ ბოთლს (ფიალს). საძმო ტოვებს ლორიენს.

თავი 9: დიდი მდინარე

მდინარით საძმოს მიჰყვება მორის უკან დამალული გოლუმი - საზარელი არსება, რომელსაც ბეჭედი ოდესღაც ეკუთვნოდა. საძმომ უნდა აირჩიოს, რომელ სანაპიროზე გადმოვიდეს, რათა განაგრძოს თავისი გზა.

თავი 10: საძმოს დაშლა

სანაპიროზე, პართ გალენში ბორომირი ცდილობს, წაართვას ფროდოს ბეჭედი, მაგრამ ფროდო დაუსხლტება, ბეჭედს იკეთებს და ქრება. ფროდო და სემი სხდებიან ნავში და ტოვებენ იქაურობას.

შემდეგ გვერდზე - 'ორი ციხესიმაგრე'
 

წარმატება მცირე შეფერხებებით

რა თქმა უნდა, კლაივ ლუისს წიგნის გარკვეული ნაწილი 'ინკლინგების' შეხვედრებზე უკვე მოსმენილი ჰქონდა. მაგრამ ამჯერად ის მთელი თავისი სილამაზით გადაიშალა, მთლიანი გრანდიოზული პანორამით. თავიდან ბოლომდე მისი წაკითხვის შემდეგ ლუისმა ტოლკინს უპასუხა ქება-დიდებით სავსე წერილით. მას უკვე შეეძლო მცირე შენიშვნების შეტანაც, მაგრამ ეს 'ინკლინგების' მორიგ შეკრებაზე გააკეთა. იმავე ეტაპზე მისთვის უკვე აშკარა იყო, რომ დიდებულად დასრულებული წიგნი ყველანაირად ჩრდილავდა შესაძლო უზუსტობებს.
შემფასებელთა რიგში შემდეგი იყო ლუისის ძმა. ის აღფრთოვანებული დარჩა ტოლკინის ამოუწურავი ფანტაზიით და წიგნს 'დიდებული' უწოდა.
მაგრამ, სანამ წიგნი გამოჩნდა თაროებზე, გავიდა კიდევ ხუთი წელი. საქმე გართულდა, როდესაც პროფესორმა მისი გამოცემა 'სილმარილიონთან' ერთად გადაწყვიტა. აშკარა იყო, რომ ორივე ერთმანეთს მჭიდროდ უერთდება. ის თანახმა იყო მათი ერთად თუ არა, მიყოლებით გამოცემაზე მაინც. მაშინ არც წიგნის ნაწილებად დაყოფა სურდა. ანვინს მან პირდაპირ უთხრა - ''წიგნი ჩემი ცხოვრების სისხლით იქნა დაწერილი''.
ყველაფერს დაემატა უნდობლობა გამომცემლის მიმართ. ტოლკინი მიხვდა, რომ ანვინს (იმ ეტაპზე) არ აინტერესებდა 'სილმარილიონი'. სინამდვილეში კი ანვინს ამ მითოლოგიურ ლაბირინთში ჩახედვის საშუალება ჯერ არ ჰქონია, რადგან მას დაუსრულებელი სახე ჰქონდა. რაინერ ანვინმა სიამოვნებით წაიკითხა მისი ტრილოგია, მაგრამ მამამისისათვის გაუგებარი იყო, რისთვის სჭირდება პროფესორს ამ უცნაური 'სილმარილიონის' გამოცემა? როგორც საქმიანი ადამიანი, ის თვლიდა, რომ პრიორიტეტულია ბეჭდების ისტორია.
ტოლკინს კი ამაზე თავისი აზრი გააჩნდა. მისთვის ორივე წიგნი ერთმანეთისგან განუყოფელი იყო და იმედი ჰქონდა, რომ გამომცემელი მას გაუგებს. ასე თუ ისე, 1950 წლისათვის ჯონი უკვე დარწმუნებული იყო, რომ ალენი და ანვინი არ ასრულებენ თავის მოვალეობებს.
უნდობლობის პირველი მიზეზი იყო 'ჰობიტის' ომის შემდეგ გამოსული ვერსია, რომელშიც არ იქნა შეტანილი ფერადი ილუსტრაციები (მაგრამ ამაში დამნაშავე იყო გამომცემლობის ფინანსური პრობლემები). მეორე - ის ნაწყენი იყო გამომცემლობაზე, რადგან იქ უარი თქვეს მისი ჰეროიკული მოთხრობის 'ფერმერი ჯაილსი ჰემელი' გამოქვეყნებაზე.
'ბეჭდების' სასწრაფოდ გამოცემაში დიდი როლი ითამაშა კლაივ ლიუისმა, რომელმაც ისეთი დამანგრეველი (ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით) რეცენზია დაწერა მასზე, რომ 1954 წლის აგვისტოში პირველი წიგნი, 'ბეჭდის საძმო', უკვე იდო მაღაზიების თაროებზე. და სწორედ აქ დაიწყო ახალი ეპოქა ჯონ რუელის ცხოვრებაში.
რეცენზია რეცენზიაზე, შეფასებები ყველა სახის, რაც კი შეგეძლოთ, წარმოგედგინათ. გამოცემის Manchester Guardian მიმომხილველმა ტოლკინი დაასახელა 'ისეთ ნამდვილ მთხრობელად, რომელსაც შეუძლია აიძულოს თავისი მკითხველი დაინტერესდეს შემდგომი მოვლენებით'. ჰოვარდ სპრინგი, ერთ-ერთი ჟურნალის მიმოხილველი, წერდა 'ეს არის ხელოვნების ნიმუში! ეს არის იგავი ღრმა აზრით, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის მუდმივ ბრძოლაზე ბოროტებასთან'. ა. ჩერიმენი წერდა - 'ეს საოცარი ნაწარმოებია. ეს არის წვლილი არა მხოლოდ მსოფლიო ლიტერატურაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც'. ხოლო Oxford Times-ის მიმომხილველი აღფრთოვანებული სიტყვებით აღწერდა - 'მკაცრი და პრაქტიკული ადამიანი ამ წიგნისათვის დროს ვერ გამონახავს. მაგრამ ადამიანებს, რომელთა ფანტაზიაც სულ მცირე ნაპერწკლით ნათდება, იგი მთლიანად მიიზიდავს'.
თუმცა, რა დასამალია და ბევრმა კრიტიკოსმა სხვა წარმოდგენა შეიქმნა ამ წიგნის შესახებ. Sunday Times-ში გამოხატავდნენ ვარაუდს, 'ხომ არ დაწერილა ეს წიგნი მხოლოდ ვუნდერკინდებისათვის'. ყველაზე უცნაური შეფასება მას წილად ხვდა ედვინ მუირისგან, რომელიც Observer-ში გამოთქვამდა აზრს, თითქოს 'წიგნი, უდავოდ, აღსანიშნავია, მაგრამ გაუმართლებელია, რომ ტოლკინის სამყაროში კეთილი პერსონაჟები უსაზღვროდ კეთილები არიან, ხოლო ბოროტები - გამოუსწორებლად ბოროტები, და მის სამყაროში არ რჩება ადგილი ბოროტი, მაგრამ ამავე დროს ტრაგიკული სატანისათვის'.
იმავე წლის ოქტომბერში ბეჭდის საძმომ გადაინაცვლა ამერიკაში, სადაც New York Times-ის მიმოხილველი, უ. ოდენი ლაკონურად გამოხატავდა თავის აზრს - 'ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არც ერთმა წიგნმა ასეთი სიამოვნება არ მომანიჭა'. იგი უფრო მტკიცედ უსვამდა ამას ხაზს ზუსტად ერთი თვის შემდეგ, როდესაც რადიოეთერში განაცხადა - 'თუკი ვინმე ოდესმე მეტყვის, რომ ეს წიგნი არ მოსწონს, მე მისი მხრიდან ლიტერატურაზე მოსაზრებას აღარ ვენდობი'.
მეორე წიგნი, 'ორი ციხესიმაგრე', ინგლისში 1954 წლის ნოემბერში გამოჩნდა და რეცენზიების მორიგი დიდი მოსავალიც მოიტანა. ტოლკინი კი გაოცებული იყო, რომ ყველას სულ უფრო მეტად აინტერესებდა ისტორიის დასასრული მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ფროდო კირით-უნგოლის კოშკში იქნა შეთრეული. მიმომხილველი გამოცემიდან Illustrated London News სწორედ ასე წერდა - 'მოლოდინი აუტანელია'. ლუისი კი ამჯერად თვლიდა, რომ 'წიგნი მეტად მრავალკუთხიანია და რთულია მისი პირველივე წაკითხვით შეფასება. მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მის წინაშე ვალში ვართ. ჩვენ შევიცვალეთ. და, მიუხედავად იმისა, რომ რომანს მეორედ წაკითხვისას უფრო რთული პოზიციებიდან მივუდგებით, ეჭვი არ მეპარება, რომ სულ მალე ის თავის ადგილს დაიკავებს იმ წიგნებს შორის, რომელთა გარეშე არსებობა შეუძლებელია'.
მაგრამ ნაცნობი მწარე კრიტიკოსი მუირი, გაბრაზებული წუწუნებდა - 'რა უცნაურია - ყველა პერსონაჟი არის ბიჭუნა, გადაცმული ასაკოვან გმირად. ეს ჰობიტები არიან უბრალოდ ბიჭები, რომლებმაც ძლივს მიაღწიეს მეხუთე კლასამდე და მათ შორის ისეთიც არავინ არის, ვინც რამე იცის ქალის შესახებ'. უფრო შორს წავიდა ედმუნდ უილსონი, რომელმაც ამ ყველაფერს 'ინფანტილური უაზრობა' უწოდა და ძალიან მწარედ დაამატა, რომ 'წიგნი მხოლოდ ინგლისელს თუ მოეწონება'.
რა თქმა უნდა, მუირი ძალიან უსამართლოდ აკრიტიკებდა ტოლკინს. გარდა ყველაფრისა, ის მის შემოქმედებას იწუნებდა ქალთა უგუვებელყოფის გამო. თუმცა, უეჭველია, რომ 'ბეჭდის საძმოში' წარმოდგენილი გალადრიელის აღწერა ან უბრალოდ ვერ შეამჩნია, ან პრინციპულად ამოშალა მეხსიერებიდან, რადგან ტოლკინი უბრალოდ არ მოსწონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, წიგნმა არავინ გულგრილად არ დატოვა. ისევე, როგორც ალბათ, არ დატოვებს ახალ მკითხველს. ან იქნებ, იმ პიროვნებას, რომელიც ამ წამს ამ სტრიქონებს კითხულობს.
რა თქმა უნდა, ტოლკინი არ იყო მზად მოზღვავებული წარმატებისათვის. უფრო მეტად მისთვის მოულოდნელი იყო წიგნის პოპულარობა ისეთ წრეებში, სადაც ეს მისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მაგრამ, ალბათ, მისთვის ყველაზე სასიამოვნო იყო მკითხველთა წერილების მიღება, სადაც მათი მხრიდან არაერთი კითხვა იქნა დასმული ტრილოგიის შესახებ. და ის ყოველთვის სიამოვნებით პასუხობდა ასეთ წერილებს.
'ბეჭდების მბრძანებელი' საკულტო წიგნად იქცა. ამაში დიდი როლი ითამაშა როკ-მუსიკის საცეკვაო ხელოვნებიდან ნამდვილ მოსასმენ ექსპერიმენტებად გადაქცევამ. 60-70-იანი წლების როკ-მუსიკაში (განსაკუთრებით ეს ე.წ. პროგრესულ როკს ეხებოდა) 'ბეჭდების' მოტივებმა თავისი მელოდიური გამოხმაურება ჰპოვეს. ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებთან ერთად არანაკლებ პოპულარული იყო 'გენდალფი - პრეზიდენტად', 'ფროდო ცოცხალია' და 'ჰობიტები - ეს ჰობია'. რომანმა მიაღწია ჯგუფამდე The Beatles, რომლის წევრებიც თავის დროზე აპირებდნენ მის ფილმად გადაქცევას, სადაც სხვადასხვა როლს თავად შეასრულებდნენ - ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ მოწმობს იმ აღფრთოვანებაზე, რომელიც მათ გულებში იშვა ტრილოგიის წაკითხვის შემდეგ.
მაგრამ მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა წარმატება? ერთ-ერთმა საბრალო მამაკაცმა ტოლკინს შესჩივლა, რომ მისი მეუღლე შეყვარებულია...არაგორნზე.
ერთ-ერთმა კლასმა დადგა 'ბეჭდების მბრძანებელი' საკუთარი სკოლის სცენაზე. 10 წლის ბიჭუნა პრემიერიდან მთელი ერთი თვის განმავლობაში ვერ გამოდიოდა ფროდოს როლიდან. ხოლო პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ერთხელ ჰედინგტონში პროფესორს ეწვია, პირდაპირ განაცხადა - 'ეს წიგნი თქვენს მიერ დაწერილი არ არის'. ის თვლიდა, რომ 'ბეჭდები' ხელთუქმნელი ნაშრომია, რომელსაც ადამიანი ვერ უკარნახებდა და ტოლკინმა ის მხოლოდ ჩაიწერა.
რა თქმა უნდა, ამ წიგნის უდიდესი წარმატება ჯონს ახარებდა, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა მას დიდად არ სიამოვნებდა. ის ყველანაირად თავმდაბალი პიროვნება გახლდათ. ეს ვლინდებოდა მის ყოველდღიურობაში. თავის თავს ის 'ჰობიტად' თვლიდა და სწორედ ასეთი იყო მისი ცხოვრების წესი. იმაზე მეტი, რაც ჰქონდა, ნამდვილად არ სურდა. რა თქმა უნდა, ედითი და ჯონი დიდი შემოსავლის ტალღაზე თავს ინებივრებდნენ - მაგრამ მხოლოდ ყოველდღიური ვიზიტებით მყუდრო რესტორანში.
ისევე, როგორც მისი რომანის გმირებს, მწერალს ეზიზღებოდა ყოველგვარი ტექნოლოგიური პროგრესი და თვლიდა, რომ იგი მხოლოდ ანადგურებს ნამდვილ ურთიერთობებს ადამიანებს შორის - და მან მხოლოდ ერთხელ შეიძინა ავტომობილი. კინემატოგრაფის განვითარებას ის თვალყურს არ ადევნებდა და არც კინოში დადიოდა. მიუხედავად ამისა, წინადადებებს 'ბეჭდების' ეკრანიზაციების შესახებ ყოველთვის სიამოვნებით განიხილავდა, თუმცა არც ერთი სცენარით არ ყოფილა კმაყოფილი.
'ბეჭდების მბრძანებელმა' პროფესორ ტოლკინს მრავალმილიონიანი შემოსავალი მოუტანა. მაგრამ ჯონი და ედითი იმდენად მიეჩვივნენ ფულის დაზოგვას, რომ ამ თანხას თავისუფლად ვერ ეპყრობოდნენ. შემოსავალი გადანაწილდა შვილებსა და შვილიშვილებზე.
ტოლკინთან კვლავ მოდიოდა წერილების აურაცხელი რაოდენობა, მაგრამ მთელი კორესპონდენცია გადიოდა გამომცემლობის ხელში, ამიტომ პროფესორი ამ მიმოწერით იმდენად აღარ იღლებოდა.
ბორნმუთში, სადაც ოჯახი 1971 წელს ცხოვრობდა, ედითი გარდაიცვალა, 29 ნოემბერს, 82 წლის ასაკში. აქ დასრულდა შუამიწეთის ავტორის ცხოვრების ერთი დიდი ნაწილი. ერთი წელიც არ გასულა, როდესაც 1973 წლის 2 სექტემბერს ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი მიაბარეს ვოლვერკოუტის სასაფლაოს მიწას, ოქსფორდში. მათი საფლავის ქვაზე სამუდამოდ აღიბეჭდა წარწერა.

ედით მერი ტოლკინი

ლუთიენი

1889 - 1971

ჯონ რონალდ

რუელ ტოლკინი


ბერენი

1892 - 1973

შემდეგ გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ 'ბეჭდების მბრძანებლის' სამივე წიგნის მოკლე შინაარსი
 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

მცდარი იმედი უფრო საშიშია, ვიდრე შიში

ჰურინის შვილები


Tolkien.ge