ჰობიტი ანუ იქით და აქეთ (თავების შინაარსი)
გულთბილი მიღება
თრორი და რაზმი, კასრებზე მოგზაურობის შემდეგ პირდაპირ ესგაროთის მმართველს, სუფრაზე ეწვევიან. იქვე სტუმრობენ ბნელტევრის ელფები, რომლებიც გაოგნებულები არიან იმით, თუ როგორ დაიხსნეს თავი ჯუჯებმა. მაგრამ ესგაროთის ქალაქის მოსახლეობა უფრო მეტად გაოგნებულია, ვინაიდან სწამს, რომ ჯუჯების გამოჩენა და ეული მთისკენ მათ მიერ აღებული გეზი ნიშნავს მთისქვეშეთის სამეფოს აღორძინებას და ოქროთი სავსე მდინარეებს. ვინაიდან ამ წინასწარმეტყველებას აქ პატივს სცემენ, ჯუჯებსა და ჰობიტს კარგ მასპინძლობას გაუწევენ და ღირსეულად გააცილებენ მთისკენ. ელფები კი
ბრუნდებიან შინ და უამბობენ მეფე თრანდუილს ჯუჯათა ნამდვილი განზრახვის შესახებ.ზღურბლზე
ისინი გრძელი ტბით მორბენალ მდინარეზე გადადიან, შემდეგ კი, საბოლოოდ, ეულ მთას მიადგებიან. აქ კი ელრონდის ნათქვამიც ახდება და მზე მათ დამალულ კარს მიუთითებს.
ცნობები შიგნიდან
ჯუჯების დავალებით, ბეჭდის ძალით დამალული ბილბო შედის მთის სიღრმეში, გამოქვაბულში, სადაც დრაკონი სმაუგი დარაჯობს სიმდიდრეს. რათა დაუმტკიცოს ჯუჯებს, რომ
ნამდვილად ეწვია ამ ადგილს, იგი იპარავს თასს. ჯუჯები გახარებულები არიან, ჰობიტს კი გამოქვაბულში დაბრუნების გეგმა აქვს. მაგრამ ამჯერად დრაკონი მიხვდება, რომ მასთან უცნობი სტუმარი დაბრუნდა. აქ იწყება ტოლკინის შემოქმედებაში ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთი - დიალოგი ბილბოსა და სმაუგს შორის. დრაკონს უჩნდება ეჭვი, რომ ბილბო ესგაროთიდან მოაგზავნეს. ბეგინსი ასევე შეამჩნევს, რომ მას მუცელზე უცნაური ნახვრეტი აქვს. ჰობიტი ჯუჯებს უბრუნდება და ყველაფერს უამბობს. მის მონათხრობს შაშვი ისმენს. ამასობაში სმაუგი ტოვებს მთას და ესგაროთისაკენ მიემართება, რათა ’აჩვენოს, თუ ვინ არის მთისქვეშეთის ნამდვილი მეფე’. ჯუჯები იმალებიან გამოქვაბულში.
ცარიელი სახლი
დრაკონის აფრენისას კარი ჩაიხერგა. მოგზაურები გამოქვაბულში რჩებიან. ამიტომ გადაწყდება, რომ ყველა დრაკონის დარბაზს ეწვევა. გახარებული ჯუჯები ფაქტიურად, ოქროში ბანაობენ. ბილბო კი პოულობს მომცრო ალმასს, რომელსაც არკენსტოუნი ეწოდება. ამ ქვაზე მასთან თორინს უკვე უსაუბრია და ბილბომ დაასკვნა, რომ მუხისფარისთვის იგი მეტად ძვირფასი და სანატრელია.
თორინი კი ბილბოს უკვე ნაწილობრივ ასაჩუქრებს - მითრილისგან დამზადებული პერანგით. ღამით ჯუჯები თავსდებიან საგუშაგოში.
ცეცხლი და წყალი
სმაუგი ესხმის ესგაროთს და ყველაფერს ანადგურებს. ხალხი ცდილობს თავის გადარჩენას. დრაკონს იგერიებენ საუკეთესო მსროლელები, მათ შორის - მშვილდოსანი ბარდი, რომელსაც შაშვი უამბობს დრაკონის მუცელზე ნახვრეტის შესახებ. უკანასკნელი ისრით ბარდი ანადგურებს სმაუგს. მაგრამ დრაკონი ეცემა ქალაქზე და მის ნარჩენებში იმარხება, წყლის ქვეშ.
ყველა ბარდს მადლობას უხდის გადარჩენისათვის, მაგრამ ქალაქის მმართველი აცხადებს, რომ ეს უბედურება ჯუჯების ბრალია და მხოლოდ ისინი არიან პასუხისმგებელნი დრაკონის გამოღვიძების გამო. არავინ იცის, ცოცხლები არიან თუ არა ჯუჯები, ამიტომ გადაწყდება, რომ მთას დალაშქრავენ და ნადავლს გაინაწილებენ. ბარდის ხალხს ელფებიც უერთდებიან, თრანდუილის მეთაურობით.
ცის მოქუფრვა
ჯუჯებს ეწვევა ყორანი როაკი, რომელიც უამბობს სხვა ფრინველების მიერ მოტანილ ამბავს დრაკონის დაღუპვის შესახებ. იგი აფრთხილებს მათ, რომ ელფებიც და ადამიანებიც ნადავლის გასანაწილებლად მოემართებიან.და აი დგება დღე, როდესაც მთას ბარდი უახლოვდება. იგი სთავაზობს თორინს, დათმოს სიმდიდრე, რომელიც სამართლიანად ეკუთვნის განადგურებული ქალაქის მოსახლეობას. მოგვიანებით თორინს წაუყენებენ პირობას, დათმოს ამ ნადავლის 1/12 ნაწილი. განრისხებული ჯუჯა მათ ისარს ესვრის. ადამიანები მას პირდაპირ უცხადებენ ომს.
ღამის საიდუმლო
ღამით ბილბო იპარება ბარდის ბანაკში. იგი უხსნის ბარდს, რომ თავად საკმაოდ დაღლილია ამ მოგზაურობით, მაგრამ მზად არის, დაეხმაროს ადამიანებს. ბარდს იგი გადასცემს არკენსტოუნს და არწმუნებს, რომ თორინი მის სანაცვლოდ ყველაფერს დათმობს. უკანა გზაზე იგი ბანაკში გენდალფს ხვდება, რომელიც აფრთხილებს, რომ წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა.
წარღვნა
დილით ბარდი თორინს უჩვენებს არკენსტოუნს და ბილბო თავად გამოუტყდება ჯუჯათა ბელადს, რომ სწორედ მან მოძებნა ეს ალმასი. ჯუჯას დაუბნელდება გონება და, მიუხედავად მთელი იმ დამსახურებისა, რომელიც ბეგინსს მათ წინაშე აქვს, აგდებს ჰობიტს ბანაკიდან. ბილბო ელფებთან და ადამიანებთან მიდის. მეორე დღეს თავის ჯართან ერთად ჩნდება ჯუჯათა მეფე დაინი, რომელიც თორინის თხოვნით მოვიდა. გზად ელფთა და ადამიანთა ლაშქარი ეღობება. აშკარაა, რომ ჯუჯები აპირებენ ამ დაბრკოლების ბრძოლით გარღვევას. მაშინ აღიმაღლებს ხმას გენდალფი, რომელიც მიმართავს სამივე ხალხს და აფრთხილებს, რომ მათკენ მოემართებიან გობლინები ბოლგის, მორიელი აზოგის შვილის მეთაურობით და ვარგები. იწყება დიდი ბრძოლა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა ხუთი ლაშქრის ბრძოლის სახელით. ბრძოლისას ბილბო, ბეჭდით დაცული, ყველაფერს აკვირდება მაღალი მთიდან. იგი გახარებულია უეცრად მოფრენილი არწივების გამო, მაგრამ მას თავზე ქვა ეცემა და ჰობიტი გონებას კარგავს.
კილი და ფილი იღუპებიან, თორინი სასიკვდილოდ არის დაჭრილი. მას უეცრად დათვის იერით მოსული ბეორნი გადაარჩენს, რომელიც ამავე დროს ბოლგს კლავს.
დაბრუნება
ბილბოს პოულობენ ბრძოლის შემდეგ. თორინი მას სიკვდილის წინ ესაუბრება და პატიობს ყველაფერს. იგი აღიარებს, რომ დაბრმავებული იყო დიდძალი სიმდიდრით. ბილბო უარს ამბობს წილზე, რომელიც ჯუჯებმა აღუთქვეს, მაგრამ მას მაინც აძლევენ ორ სკივრს, ვერცხლით და ოქროთი. ჰობიტი ემშვიდობა ელფთა მეფეს, რომელიც მას ამიერიდან ელფთა მეგობარს უწოდებს.
გზად შინისაკენ ბილბო და გენდალფი ბეორნსაც სტუმრობენ, რომელიც მათ აღსანიშნავ შესაშურ ზეიმს აწყობს.
უკანასკნელი ნაბიჯი
გენდალფი და ბილბო სტუმრობენ ელრონდსაც. შემდეგ კვლავ ჰობიტონისაკენ მოემართებიან. გზად ისინი ტროლების დამარხულ ოქროსაც პოულობენ. მაგრამ შინ ბეგინსს უცნაური რამ დახვდება - თურმე მის სახლს აუქციონიდან ჰყიდიან, ვინაიდან ყველა თვლის, რომ იგი სამუდამოდ გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ქონების ნაწილს იგი იბრუნებს, ვერა და ვერ პოულობს ვერცხლის კოვზებს, რომლებიც, მისი აზრით, სეკვილ-ბეგინსებმა მოიპარეს. ბილბოს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. იგი დიდი პატივით სარგებლობს შუამიწეთის ხალხებს შორის, მაგრამ ჰობიტები ამიერიდან მას უცნაური თვალით უყურებენ - პირველ რიგში, მისი შორეული მოგზაურობისა და სხვა ხალხებთან აღნიშნული ურთიერთობის გამო. თუმცა მას ეს არანაირად არ ადარდებს და იგი დრო და დრო სტუმრობს ელფებს და წერს მემუარებს.
ტოლკინი უკანასკნელ თავში ოსტატურად მიგვითითებს იმაზე, რომ სამყარო ბილბოს ირგვლივ არც თუ მცირეა - ’თქვენ უბრალოდ ერთი პატარა კაცუნა ხართ, რომლის მსგავსიც უამრავი დაიარება ამ დიდ სამყაროში’, მიმართავს მას გენდალფი ერთ-ერთი სტუმრობისას.












"ჰობიტში" პირველად შეიკრა ტოლკინის შემოქმედებითი მხარეების მთელი სპექტრი - პოეზია, მისი ნახატები, არსებები, ადგილები მის მიერ მოგონილი მითოლოგიიდან (მაგალითად, მანამდე უკვე არსებული ელრონდი და ნეკრომანტი) და მისი საინტერესო და ორიგინალური მიდგომა, რომელსაც იყენებდა ისტორიის თხრობისას - ამ მხრივ "ჰობიტს" უფრო მეტად ზღაპრული ხასიათი აქვს. მაგრამ ამას დაემატა ის, რაც მანამდე ზემოაღნიშნულ ჟანრს ნაკლებად ახასიათებდა - ძველი ენებისა და ლიტერატურის ბევრი ელემენტი. სწორედ ეს ყველაფერი გაერთიანდა "ჰობიტში" და იგივე გაგრძელდა "ბეჭდებშიც". რა თქმა უნდა, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ აქ ნასესხები იქნა ბეოვულფის, ენდრიუ ლენგისა და გრიმების ნამუშევრების ფრაგმენტები თუ პერსონაჟები. მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს მწერალ ვაიკ-სმიტის ისტორიები სნერგებზე. სნერგები მის ნაწარმოებში არიან მცირე ზომის 














