გთავაზობთ ტოლკინისა და ჩვენი საიტის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს და მათზე პასუხებს.


როგორ ჟღერს გამართულად გვარი Tolkien?

ტოლკინი (ანუ ტოლკინ).

რატომ ჟღერს გვარი ასე და არა ’ტოლკიენი’?

ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასოები ’ი’ და ’ე’ ერთად ოდნავ იწელება და ჟღერს, როგორც ’ი’.

რამდენი წიგნი აქვს გამოცემული ჯ.რ.რ.ტოლკინს?

გააჩნია, რას ვიგულისხმებთ. თუკი საუბარია ’შუამიწეთის ციკლზე’, მის სიცოცხლეში გამოიცა მხოლოდ ორი წიგნი - ’ჰობიტი’ და ’ბეჭდების მბრძანებელი’. ყველაფერი დანარჩენი წარმოადგენს ზღაპრების, პოემების კრებულებს, ანალიტიკურ მასალას და უკვე გარდაცვალების შემდეგ გამოცემულ სხვადასხვა წიგნს, როგორიც არის ’სილმარილიონი’ და ’დაუსრულებელი მოთხრობები’.  სინამდვილეში კი ტოლკინის ბიბლიოგრაფია ბევრად უფრო ვრცელია.

რომელი წიგნებია გამოცემული ქართულ ენაზე?

’ჰობიტი’ (2002 წელი) - ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა, მთარგმნელი - ნინო ბარძიმიშვილი (ძირითადი ტექსტი), თინათინ გოგოჩაშვილი (ლექსები)
’ჰობიტი’ (2009 წელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი - ნიკა სამუშია, ციცო ხოცუაშვილი (ლექსები)
’ბეჭდის საძმო’ (2009 წელი) - ქარჩხაძის გამომცემლობა, მთარგმნელი - ნიკა სამუშია
’ორი ციხე-კოშკი’ (2010 წელი) - ქარჩხაძის გამომცემლობა, მთარგმნელი - ნიკა სამუშია
'მეფის დაბრუნება' (2011 წელი) - ქარჩხაძის გამომცემლობა, მთარგმნელი - ნიკა სამუშია

რატომ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე სხვადასხვა ჰობიტის ან სხვა პერსონაჟის სახელი?

ეს არის ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც უყენებენ მთარგმნელებს ტოლკინის ამ წიგნების გამოცემისას.

მე მაინც არ მომწონს, რომ სახელები ნათარგმნია. რატომ არ არის, მაგალითად, Treebeard დატოვებული, როგორც თრიბერდი?

ვინაიდან მას ’ხისწვერა’ ჰქვია. თარგმნა-ართარგმნის საკითხი ცალმხრივად ობიექტურია - წიგნებში, რომლებიც გამოიცემა, ბევრი რამ ითარგმნება, გამომდინარე ამა თუ იმ ენის სპეციფიკიდან.

მაშინ რატომ არ არის თარგმნილი სახელები თქვენ საიტზე? ან მაგალითად, ბილბოს გვარი დატოვებულია ’ბეგინსად’?

ვინაიდან ჩვენ საიტზე ვიყენებთ იმ გვარებს, რომლებიც უკვე ცნობილია მათთვის ვინც იხილა პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია ან წაიკითხა ეს წიგნები ორიგინალურ, ინგლისურ ენაზე.

როდის გამოვა ქართულად ტოლკინის სხვა ნაწარმოებები?

ჯერ-ჯერობით ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

როდის გაიხსნა თქვენი საიტი?

2009 წლის 5 ნოემბერს, როდესაც შედგა წიგნის ’ბეჭდის საძმო’ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.

ვისთვის ან რისთვის არის ეს ვებ-გვერდი?

ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, რომელსაც იზიდავს ტოლკინის ნაწარმოებები, სურს მეტი წაიკითხოს მის სამყაროებზე ან მხოლოდ ახლა იწყებს ტოლკინის კითხვას. საიტი შეიქმნა მისი ტოლკინთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალის განთავსების მიზნით, რომელთა შორის არის მონაცემები სამყაროს, გეოგრაფიული ერთეულების, პერსონაჟების, ხალხების, არსებებისა და სხვა საკითხებზე.

შემიძლია თქვენი საიტიდან წიგნების ჩამოტვირთვა?

დიახ, მხოლოდ იმ წიგნების, რომლებიც არ გამოცემულა ქართულ ენაზე.

საიტზე არ არსებობს რეგისტრაცია და ფორუმი, რატომ? ასე ხომ უფრო საინტერესო იქნებოდა...

საიტის დასათვალიერებლად რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. ხოლო ფორუმი საიტზე სამუდამოდ არის გაუქმებული იმ მიზეზით, რომ მისი დაარსებიდან მრავალი თვის მანძილზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სადისკუსიო კუთხემ არ გაამართლა მოლოდინი.

თქვენს საიტზე ბევრი საინტერესო მასალაა და მსურს ნაწილი ჩემს ბლოგზე/საიტზე/ფორუმზე გამოვაქვეყნო.

ნებადართულია, ოღონდ თხოვნაა, მიუთითოთ ჩვენი გვერდის მისამართი, როგორც წყარო.

როგორ დაგიკავშირდეთ ელ.ფოსტით?

გამოიყენეთ ეს ელ.ფოსტა.

როდის ითარგმნება და გამოიცემა ქართულ ენაზე სხვა ნაწარმოები?

ძირითადად ეს დამოკიდებულია ამჟამად დაგეგმილი გამოცემის, ’მეფის დაბრუნება’ (’ბეჭდების მბრძანებლის’ მესამე ტომის) კომერციულ წარმატებაზე. მომავალში სხვა წიგნების თარგმანების გამოცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი სურვილი იქნება გამომცემლობების მხრიდან. ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია აქამდე გამოცემული წიგნების (’ჰობიტი’, ’ბეჭდის საძმო’, ’ორი ციხე-კოშკი’) წარმატებაზე.

უკან

 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

მაშინ აღაპყრო მორგოთმა გრძელი ხელი დორ-ლომინისაკენ, დასწყევლა ჰურინი და მორვენი და მათი შთამომავლობა, და თქვა: ’ისმინე! ჩემი ფიქრების წყვდიადი მოიცავს მათ, სადაც არ წავლენ, ჩემი ზიზღი გაჰყვება სამყაროს აღსასრულამდე’.

ჰურინის შვილები


Tolkien.ge