ჰურინის შვილები - მოკლე შინაარსი

ტურინი ნარგოთრონდში

ნარგოთრონდში ტურინი თბილად მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვერავინ იცნო ნაომარი გვინდორი. ტურინმა  საკუთარი თავი ”აგარვენად”, უმართის შვილად წარადგინა - იგი კვლავ ცდილობდა ბნელი წარსულის დამალვას.
ბელეგის ხმალი ანგლაჰელი მჭედლებმა აღადგინეს და ამიერიდან მისი მფლობელი ტურინი იყო. მის რჩევებს ყურს უგდებდნენ და გადაწყვიტეს, მორგოთზე პირდაპირ შეეტიათ. გვინდორი თავს იკავებდა - მან უკვე იხილა მორგოთის ძალა, რომელიც ადამიანებისა და ელფების ალიანსზე უფრო დიდი იყო.
ფინდუილასს, ოროდრეთის ქალიშვილს, შეუყვარდა ტურინი. გვინდორი, რომელიც მისი მეგობარი იყო, ამით სულ უფრო მეტად უკმაყოფილო იყო და მათი მეგობრობაც დასრულდა. ელფი დიდ ხანს წყევლიდა მორგოთს. საბოლოოდ, მან გააფრთხილა ფინდუილასი საფრთხეზე და მოუთხრო ტურინის ნამდვილი ისტორია, რათა ხაზი გაესვა, რომ მორგოთის წყევლა ვრცელდება ჰურინის მოდგმაზე.
ფინდუილასმა ჰკითხა ტურინს, თუ რატომ მალავდა იგი ნამდვილ სახელს. ტურინი განრისხდა, იგი მიხვდა, რომ გვინდორმა გასცა იგი. მაგრამ გვინდორმა უთხრა მას: ”სიკვდილი შენშია და არა შენს სახელში”.
ამასობაში მორვენი და ნიენორი გაეშურნენ დორიათში, მელიანთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტურინმა იქაურობა დატოვა.

ნარგოთრონდის დაცემა

 მშვიდობა ნარგოთრონდში ხუთ წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდში ოროდრეთთან მოვიდა ორი ელფი - გელმირი და არმინასი, რომლებმაც ულმოს, ზღვის მბრძანებლის გზავნილი მოიტანეს - ნარგოთრონდს საშიშროება ემუქრებოდა. მან გააფრთხილა მეფე, რომ აუცილებელია კარის დაცვა და ხიდის დანგრევა. მაგრამ ოროდრეთი ენდო 'აგარვენს'. მორმეგილად წოდებულ ტურინს ხომ ამ ჩანაფიქრზე სიამაყემ ათქმევინა უარი. შემოდგომის დადგომასთან ერთად ნარგოთრონდისაკენ გამოემართა გიგანტური გლაურუნგი, მთავარი დრაკონი. სირიონში მოხდა დიდი ბრძოლა ანგბანდის ჯარსა და ტურინის/ორდორეთის რაზმებს შორის. სიკვდილის წინ გვინდორმა ჰურინს ურჩია ფინდუილასის გადარჩენა. მაგრამ ტურინს დააგვიანდა - ნარგოთრონდი დაქცეული დახვდა. მორმეგილი დარჩა გაშეშებული გლაურუნგის ერთი შეხედვით, ხოლო ანგბანდის ჯარმა და გლაურუნგმა გაიტაცეს ფინდუილასი. გონს მოსულმა ტურინმა გადაწყვიტა დორ-ლომინში დაბრუნება, რადგან, გლაურუნგისგან მოჯადოვებულმა, დაივიწყა ნამდვილი მიზნები.

ტურინის დაბრუნება დორ-ლომინში

ზამთრის ერთ დღეს ტურინი დაბრუნდა დორ-ლომინში. მაგრამ ადგილი, სადაც იგი გაიზარდა, დაქცეული, ცარიელი და ბნელი დახვდა. ტურინმა ითხოვა ბროდას სახლში მსახურობა. ბროდა იმ დროისათვის დორ-ლომინს მართავდა. ტურინმა იქ სადორი, ბავშვობის მეგობარი აღმოაჩინა. მან მოუთხრო მორვენისა და ნიენორის ამბავი, თუ როგორ დატოვეს მათ დორ-ლომინი და გაეშურნენ ბელერიანდში.
სადორმა ტურინს მიუთითა აერინზე, რომელიც საკუთარი სურვილის მიუხედავად, ბროდას ცოლი იყო. ტურინმა ანგლაჰელის დახმარებით გამოიჭირა ბროდა და ჰკითხა აერინს, თუ რა იცოდა მან მორვენზე. აერინმა მოუთხრო, თუ რა ბნელი ფიქრები ჰქონდა ბროდას მორვენის სამფლობელოზე და რომ მან იქაურობა დიდი ხნის წინ დატოვა. ტურინმა მოკლა ბროდა და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო, მაგრამ აერინმა სთხოვა მას, დაეტოვებინა დორ-ლომინი, რადგან ვიღაც იძიებდა შურს ბროდაზე.
დორ-ლომინიდან გამოქცეულები მთებში დაბანაკდნენ, მოგვიანებით კი ტურინი კვლავ დედისა და დის საძიებლად გაეშურა.

ტურინის ბრეთილში მისვლა

 რა მიატოვა დორ-ლომინი, ტურინმა სირიონისაკენ, სამხრეთით აიღო გეზი. არჩევანი ორი იყო - დის ან დედის ძიება ანდა ორკებთან ბრძოლა, ფინდუილასის ძიებაში. იმ იმედით, რომ მორვენმა და ნიენორმა უკვე დორიათს, მელიანის სამფლობელოს მიაღწიეს, მან მეორე გზა აირჩია. მაგრამ ორკთა ყველა კვალი წაშლილი იყო და ის ტეიგლინის მდინარეს გაჰყვა. გზად, ბრეთილის ტყეში მან ჰალეთის ხალხი ნახა. ორკებისგან შეპყრობილები, ისინი უიმედოდ იცავდნენ თავს. ორკები გურთანგმა, ტურინის ხმალმა დააფრთხო - ისევე როგორც მისმა შეძახილებმა, თითქოს იგი მთელ ჯარს მართავდა. გადარჩენილებმა მას გუნდში გაერთიანება შესთავაზეს, მაგრამ ტურინმა იაურა. მაშინ მათმა მეთაურმა, დორლასმა უამბო ორკებთან შეხვედრაზე - მათ ტყვეებიც ჰყავდათ. მან დაარწმუნა ტურინი, რომ ფინდუილასი მოკლული იყო.
ტურინმა მათ საფლავთან მიყვანა სთხოვა. საბოლოოდ მან თავი 'ტურამბარად', 'სიკვდილის მბრძანებლად' გამოაცხადა და ჰალეთის ხალხს ერთგულება შეჰფიცა. მან ასევე უარი თქვა გურთანგზე, გაცვალა რა იგი მშვილდსა და შუბზე.

მორვენისა და ნიენორის ნარგოთრონდში მისვლა

 თინგოლის სამფლობელოში უკანასკნელი თავშესაფრის ძიებაში დორიათს ბევრმა მიაშურა. მათგან თინგოლმა შეიტყო გლაურუნგის ჩადენილ საშინელებებსა და გაქვავებულ მორმეგილზე. მორვენმა ნარგოთრონდს მიაშურა, თინგოლის ათი მოახლის, მათ შორის მაბლუნგის თანხლებით. მათთან ერთად კი ნიენორი იყო, რომელიც კაცად იყო გადაცმული. მორვენმა ერთ-ერთი დილით ეს აღმოაჩინა და ქალიშვილს უკან დაბრუნება უბრძანა. მაგრამ ნიენორს არაფერი შეაჩერებდა.


ნიენორი ბრეთილში

 მათ ორკები დაესხნენ. ნიენორი ტყეში მიიმალა, სადაც სამოსი ნაფლეთებად ექცა. გონებადაკარგული და დასუსტებული, იგი ძირს დაეცა. ნიენორი ტურამბარმა და მისმა რაზმმა იპოვეს. მაგრამ ნიენორმა საუბრის უნარიც დაკარგა. ტურინმა მას ნინიელი, ცრემლთა ქალწული დაარქვა.
ეფელ ბრანდირში დაბანაკებულებს შორის იყო ბრანდირი, რომელიც უვლიდა ნინიელს. მისი და იქ მცხოვრები ქალების დახმარებით ქალწული კვლავ ფეხზე დადგა, ლაპარაკი ისწავლა. ბრანდირს იგი ძლიერ შეუყვარდა, მაგრამ ნინიელი მას ყოველთვის ძმად აღიქვამდა, რადგან გული მისი ტურინს ეკუთვნოდა.

გლაურუნგის მოსვლა
 მაგრამ გლაურუნგი მოუსვენარი იყო და ორკებთან ერთად კვლავ გამოემართა ახალი მიწების დასამონებლად, ჩრდილოეთის უკანასკნელი საყრდენის, ბრეთილის გასანადგურებლად. დრაკონი მიხვდა, რომ ტურინი სწორედ აქ იმალებოდა. ნინიელი კი დარწმუნებული იყო, რომ ორკები ბრეთილს ვერაფერს დააკლებენ. მაგრამ ბრეთილის ხალხმა იცოდა - ორკები, როგორც უწინ, უბრალოდ გავლით აქ არ მოვლენ. ტურამბარი იძულებული გახდა, გურთანგი კვლავ აეღო. ყველგან, სადაც ორკი ჩნდებოდა, ტურინის ხმლისგან სიკვდილი ელოდა. ტურინის მეთაურობით გამხნევებული ბრეთილის ჯარი ანადგურებდა უთვალავ ორკებს და მათ გვამებს ცეცხლში წვავდა. ტურამბარს კი ერთი მიზანი ჰქონდა - გლაურუნგის განადგურება.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ნინიელი კიდევ უფრო დამწუხრებული იყო, რადგან ტურინი არსად ჩანდა. მაგრამ აი მოვიდა ამბები, რომ ნარგოთრონდის ტყეებში დიდი ბოლი დგას.
გლაურუნგი გამქრალი იყო. არავინ იცოდა, სად იმალება. ერთ დღეს კი გამოჩნდა ორი მზვერავი, რომელმაც ტურინს მოუთხრო ტეიგლინთან ახლოს მყოფ 'დიდ გველეშაპზე'. მაშინ აღმართა ტურინმა თავისი ხმალი და მოუწოდა ყველას გლაურუნგთან შერკინებისაკენ. ტურინი დაბრუნდა ნინიელის სანახავად, რომელმაც ამაოდ სცადა მისი შეჩერება.
რაზმი მიიპარებოდა ისეთი გზებით, რომ გლაურუნგს არ შეხვედროდა. ამ დროს კი ტურინის კვალს ნინიელიც დაადგა, მიუხედავად ბრანდირის ხვეწნა-მუდარისა. მაშინ დადგა ბრეთილში მცხოვრები ბევრი ქალი და გაჰყვა მას, მათ შორის - დორლასისა და ჰუნთორის ცოლები.
ვერ შესძლო ბრანდირმა ბრეთილში დარჩენა, გაუდგა დანარჩენების გზას და დაუბარა ყველას, სხვა მმართველი აერჩიათ.

გლაურუნგის სიკვდილი

 დაღამებისას, ტურამბარი და მისი რაზმი კაბედ-ენ-არასს მიადგნენ. დიდი მდინარის ხმის მიღმა საშიშროება იმალებოდა, მაგრამ ხმა ასევე ფარავდა მათ ნაბიჯებს. დორლასის მითითებით, ისინი სამხრეთისკენ გაემართნენ. წინ მძიმე გზა იყო, უამრავი ქვით სავსე. ტურამბარი კი ყველაზე პირველი მიიწევდა. ჰუნთორის ხმის გაგონებაზე მან უკან მიიხედა და მისგან შეიტყო, რომ დორლასს შეეშინდა ამ გზის გადალახვა.
დრაკონი გამოჩნდა ბრეთილში და თავად მიაგნო ტურინს. მისი სიმძიმისგან ჩამოვარდნილმა დიდმა ქვამ ჰუნთორი მოკლა. ტურინმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, აძვრა მთაზე და იქიდან დაეცა დრაკონს. გურთანგი ბოლომდე შეარჭო და გლაურუნგი ძირს დასცა. აფორიაქებულმა დრაკონმა ირგვლივ ყველაფერი გადაწვა, მაგრამ საბოლოოდ შეჩერდა.
გლაურუნგის სისხლმა ხელი დასწვა ტურინს, ხოლო მისმა მზერამ კვლავ გააქვავა ტურამბარი. დაეცა იგი და სხეულით დაფარა გურთანგი.
დრაკონის წივილმა მიაღწია იქ, სადაც ნინიელი იჯდა, ჩაფიქრებული და შეშინებული. ბრანდირმა სწორედ იქ მიაგნო და უკან დაბრუნება შესთავაზა. მაგრამ ნინიელი მხოლოდ ტურინს ეძებდა. და მიაგნო გლაურუნგის გვამს, მაგრამ იქვე, ტურინის შენიშნა. დაჭრილი ხელიც გადაუხვია. და აი გაახილა გლაურუნგმა თვალი და უამბო მთელი სიმართლე ტურინზე, რომელიც ჰურინის შვილი იყო - ისევე როგორც ნიენორი, იგივე ნინიელი. აქ კი გლაურუნგმა დაასრულა სიტყვა და დასრულდა მისი ბატონობა. ბრანდირი კი, რომელიც ნიენორის კვალს დასდგომოდა, მიუახლოვდა მას, მაგრამ შეშინებული ნიენორი გაიქცა და თავი მოიკლა - კაბედ-ენ-არასიდან სიღრმეში გადაეშვა. ეწოდა იმ ადგილს კაბედ ნაერამართი - ბოროტი ბედის ნახტომი.
დამწუხრებული ბრანდირი უკან დაბრუნდა, გზად დორლასიც მოკლა. შეხვდა მას ბრეთილის ხალხი და იკითხა ტურინისა და ნინიელის ბედზე. აი მაშინ კი უამბო, რომ ორივე დაღუპულია, ისევე როგორც გლაურუნგი და მოუთხრო მათ და-ძმობაზეც.

ტურინის სიკვდილი

ნინიელი აღარ იყო, მაგრამ გლაურუნგის სიკვდილთან ერთად ტურინს ბნელი ძალაც ჩამოშორდა. მან შეხვეულ ხელს შეხედა და იფიქრა, რომ ეს ბრანდირმა გააკეთა, მაგრამ სად იყო იგი?
დაუბრუნდა ტურინი ბრეთილის ხალხს, რომელიც გაკვირვებული დახვდა. ყველას ეგონა, რომ ეს მისი მოუსვენარი სულია. მაშინ შესძახეს ბრანდირს, რომ მან ყველა შეიყვანა შეცდომაში ტურინის დაღუპვაზე ნაამბობით. მაგრამ ტურინს სხვა რამ უწუხებდა გულს და ბრანდირს მადლობა გადაუხადა შეხვეული ხელისათვის. შემდეგ კი ნინიელის ამბავი იკითხა. და შეუქციეს მას ზურგები, რადგან მიხვდნენ, რომ არაფერი იცის თავის დაზე. ბრანდირმა მიუგო - 'ნინიელი აქ არ არის'. გახარებულმა ტურამბარმა იფიქრა, რომ ის შინ არის, მაგრამ ბრანდირმა უამბო ნინიელის დაღუპვაზე. მაშინ დორლასის ცოლმა განრისხებულმა შესძახა - 'ნუ დაუჯერებ მას, ის ასევე დარწმუნებული იყო, რომ შენ მოკვდი, რატომ უნდა დაუჯერო მის სიტყვებს ნინიელზე?'. და გაიფიქრა ტურინმა, რომ ბრანდირს ხალხის მოტყუება სურდა. მაშინ მიუგო ბრაინდირმა - 'ბნელი სიკვდილის ბნელო ხმალო! შენ შეიშალე. მე არ ვიტყუები. ნინიელი მოკვდა, მოკვდა, მოკვდა. ეძებე ის ტეიგლინში!'. ტურინი გაოგნებული იდგა. ბრანდირმა კი აუხსნა - 'იგი შენგან გაიქცა, ტურინ, ჰურინის ვაჟო, და კაბედ-ენ-არასში გადაეშვა, ასე რომ აღარასოდეს გიხილავს. ნინიელი. ნინიელი? არა, ეს ნიენორია, ჰურინის ასული'.
მაშინ დაიჭირა იგი ტურინმა და შესძახა - 'დიახ, მე ვარ ტურინი, ჰურინის ვაჟი! ამას დიდი ხნის წინ შეიტყობდი, მაგრამ არაფერი იცი ჩემს დაზე, რომელიც დამალულ სამეფოშია და უვნებელია'. და უამბო მას ბრანდირმა გლაურუნგზე, რომელმაც ნიენორს მთელი სიმართლე გაუმხილა. 'წყეულია შენი მოდგმა, ტურინ, ჰურინის ვაჟო'.
აღმართა ტურინმა გურთანგი და გაიელვა მისმა თვალებმა - 'მაშ ვინ უამბო მას ჩემი ნამდვილი სახელი? ვინ იყო იქ და ვინ მისცა საშუალება, მოეკლა თავი?'. ბრანდირი კი ხედავდა სიკვდილს მის სახეზე და არ ჩერდებოდა, თუმცა კი თავად უიარაღო იყო. და მოკლა იგი ტურინმა და გაეშურა ნინიელის საძიებლად, დასწყევლა რა შუამიწეთი. შეხვდა მას გზად ორი ელფი. ერთ-ერთი მათგანი მაბლუნგი აღმოჩნდა. და გამოჰკითხა ტურინმა დორიათის ამბები. მაშინ უამბო მაბლუნგმა, რომ მორვენი და ნიენორი ნარგოთრონდში წავიდნენ, მის საძიებლად და გლაურუნგის იქ გამოჩენის შემდეგ არავის უნახავს მორვენი, ნიენორი კი დრაკონმა გააშეშა და ისიც სამუდამოდ გაქრა. მაშინ მიხვდა ტურინი, რომ ნინიელი სწორედ ნიენორი იყო, მაგრამ მაბლუნგი გაკვირვებული იყო - ტურინმა ზუსტად აღწერა ნინიელი, რომელსაც ნიენორი არანაირად არ ჰგავდა.
ტურინი კი გაიქცა. ელფები მიხვდნენ, რომ რაღაც უცნაური ხდება და გაჰყვნენ, მაგრამ ტურინმა კაბედ-ენ-არასამდე უფრო ადრე მიაღწია და კვლავ გააშიშვლა გურთანგი. ტურამბარის უკანასკნელი სიტყვები ასეთი იყო - 'ჰოი გურთანგ, სიკვდილის რკინავ, მხოლოდ შენ თუ დამრჩი! მაგრამ სადღაა შენი მბრძანებელი ან თავდადება? დაილევი უსისხლოდ. მიიღებ ტურინ ტურამბარს? მომკლავ ფიცხად?'. და ესმა ხმა ხმლის პირისა - 'დიახ, მე შევსვამ შენს სისხლს ისე, რომ ბელეგის, ჩემი ბატონისა და ბრანდირის უსამართლოდ დაღვრილ სისხლსაც დავივიწყებ და ფიცხად მოგკვლავ'.
ტურინმა გურთანგი წინ დაიჭირა და ზედ საკუთარი თავი დაამხო. იქვე, ახლოს მისული მაბლუნგი ამ ყველაფრის დანახვის შემდეგ ჰურინს იხსენებდა. მიხვდნენ ელფები, რომ ისინიც იყვნენ ჰურინის შვილთა ამბის მონაწილენი. ტურინის გვამი ასწიეს და დაინახეს, რომ შავი ხმალი გადატყდა. დრაკონის ნარჩენები დაწვეს. ტურინი კი იმ ბორცვზე დაასაფლავეს, სადაც თავი მოიკლა და იქვე გურთანგის ნარჩენები დაასვენეს. ელფებმა და ადამიანებმა მასზე სამგლოვიარო საგალობელი შექმნეს, მის საფლავზე კი დაიდგა დიდი რუხი ქვა და ეწერა მასზე - TÚRIN TURAMBAR DAGNIR GLAURUNGA, ქვემოთ კი NIËNOR NÍNIEL. მაგრამ ეს უკანასკნელი იქ არ ყოფილა, არავინ იცოდა, რომ ტეიგლინის ცივმა წყლებმა შთანთქეს.

ასე დასრულდა ჰურინის შვილების ამბავი, რომელიც ყველაზე დიდია ბელერიანდის თქმულებებიდან

ტურინისა და ნიენორის ტრაგედიის შემდეგ მორგოთმა ჰურინი შინ გამოუშვა. იგი ბრეთილის ტყეს მიადგა და გლაურუნგის დაღუპვის ადგილიც გაიარა. და მიადგა საფლავის ქვას, მაგრამ იცოდა, რა ეწერა იქ, ვინაიდან ტყვეობაში, მორგოთისგან დაწყევლილი, ხედავდა იგივეს, რასაც ბნელეთის მბრძანებელი, და არც კი შეხედა წარწერას. მოულოდნელად გამოჩნდა ქალი, რომელიც მან თავდაპირველად ვერ იცნო, შემდეგ კი აეხილა თვალები.
'ელედვენ! ელედვენ!', ცრემლებით მიეგება იგი მორვენს.
'როგორც იქნა, დაბრუნდი', მიუგო მას ცოლმა. 'დიდი ხანია, გელი'.
'გზად ბნელოდა. როგორც კი შევძელი, მოვედი', უპასუხა ჰურინმა.
'მაგრამ შენ დაიგვიანე. ძალიან დაიგვიანე. დაკარგულები არიან'.
'მე ვიცი, მაგრამ შენ არ ხარ'.
'თითქმის. მე დავილიე. მზეს უნდა გავყვე. ისინი დაკარგულები არიან'. მორვენი ჩაებღაუჭა მას. 'დრო ცოტა დამრჩა. თუ იცი, ის მაინც მითხარი, როგორ იპოვეს ერთმანეთი?'.
მაგრამ ჰურინმა არაფერი უთხრა, უბრალოდ იჯდა ქვასთან, მორვენთან ერთად და მათ აღარ უსაუბრიათ. მზე მიიმალა და მორვენმა ამოიოხრა, და ხელი მოჰხვია ჰურინს და შეჩერდა, და მიხვდა
ჰურინი, რომ იგი მოკვდა.
 

ჰურინის შვილები - მოკლე შინაარსი

ტურინის ბავშვობა

 ჰურინი იყო ჰუორის უფროსი ძმა. ბავშვობისას მათი დასახლება ორკებმა დაარბიეს. დიდი ულმოს დახმარებით ისინი გადაარჩინეს და გონდოლინში ჩაიყვანეს არწივებმა. გონდოლინში ძმები გაეცნენ ელფურ კულტურას. მაგრამ მოვიდა რა მათი წასვლის ჟამი, დადეს პირობა, რომ შინ არ გათქვამდნენ გონდოლინის შიდა ცხოვრების წვრილმანებს და მის ადგილმდებარეობას.
დაბრუნების შემდეგ ჰურინი დაქორწინდა მორვენზე. მათ ეყოლათ ვაჟი ტურინი და ქალიშვილი ურვენი. ტურინის მიმართ მშობლების სიყვარული შესამჩნევად იკლებდა წლების განმავლობაში და მათი ზრუნვა ურვენს უფრო ხვდებოდა. უბედურება დატრიალდა, როდესაც ურვენი, იგივე ლალაითი მოულოდნელად გარდაიცვალა ბოროტი ნიავის გამო, რომელიც ანგბანდიდან მოდიოდა და სიკვდილს თესავდა.
ჰურინი შინ თითქმის არ იყო, უფრო მეტად იბრძოდა და მოგზაურობდა. მთელ იმედს იგი თავის მეგობარზე, სადორზე ამყარებდა. სადორს ტურინი ძალიან დაუახლოვდა. ბევრი რამ სწორედ მისგან ისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის კარგი მაგალითი იქნებოდა დედა - რომ არა მორვენის ცივი ხასიათი. იგი ხშირად მალავდა თავის ემოციებს.
მტერმა იმატა და ჰურინმა საბოლოოდ დატოვა სახლი - წინ იყო დიდი ბრძოლა, რომელსაც ეწოდა ”უთვალავი ცრემლის ბრძოლა”.

უთვალავი ცრემლის ბრძოლა

დორ-ლომინი ჰურინმა და მისმა ძმამ დატოვეს მძლავრი არმიით. მათ შეურთდნენ გონდოლინის ჯარები. მათი გზა ანფაუგლითისკენ მიდიოდა. იქ კი მათ ტურგონი, ფინგონის ძმა ელოდებოდა.
ბრძოლა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დაგეგმილი იყო, იმის გამო, რომ მორგოთმა მოულოდნელად გამოუშვა თავისი ჯარი. მოწინააღმდეგეებმა დიდი ბოღმა გამოიწვიეს, რადგან ყველას თვალწინ მოკლეს ელფი გელმირი. გელმირის ძმამ, გვინდორმა, რომელიც ჯართან ერთად იმყოფებოდა, ასევე გამოიწვია ისინი ბრძოლაში.
ბრძოლა ისეთი მძიმე იყო, რომ ჯარები მიუახლოვდნენ ანგბანდის კარიბჭეს, მაგრამ გვინდორი დაჭერილი იქნა. ფინგონის ჯარს მტერმა უკან დაახევინა და აქ დაიწყო ”უთვალავი ცრემლის ბრძოლა”.
ძმის დასახმარებლად მოვიდა ტურგონი. ამ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ფინგონი, ჰურინი, ჰუორი და ტურგონი. მაგრამ ორკებმა, გოთმოგის მეთაურობით დაამარცხეს მათი რაზმები. ფინგონი გოთმოგს ჩაუვარდა, ტურგონი კი, ჰუორის რჩევით, გაიქცა. ჰუორი გმირულად დაიღუპა, ხოლო ჰურინი ცოცხლად შეიპყრეს და ანგბანდში შეამწყვდიეს.

ჰურინისა და მორგოთის საუბარი

უთვალავი ცრემლის ბრძოლის შესახებ დორ-ლომინში უცნობი იყო. ჰურინი შეიპყრო მორგოთმა, რომელსაც აინტერესებდა, სად მდებარეობს დამალული გონდოლინი. მაგრამ ჰურინმა მას არაფერი უთხრა, წამებისა და მუქარის მიუხედავად.
ამიტომაც მორგოთმა ჰურინი აიყვანა ჰაუდჰ-ენ-ნირნაეთზე, რომელიც იყო დაცემული მეომრების სხეულებისგან აშენებული ყორღანი. მორგოთმა ვერც იქ გადაარწმუნა ჰურინი, ამიტომაც დაწყევლა იგი და მისი მოდგმა - ”ჩემი ფიქრების აჩრდილი მოედება მას, სადაც არ უნდა იყოს”.
ჰურინი არც ამ მუქარამ შეაშინა, ამიტომაც მორგოთმა იგი სამუდამოდ მიაჯაჭვა თანგოროდრიმის მაღალ წერტილზე მდგარ სავარძელზე. (იხილეთ ილუსტრაცია მასზე დაწკაპუნებით). აქედან ჰურინს მუდმივად უნდა ედევნა თვალყური მორგოთის წყევლის ასრულებისათვის და თავად უნდა გამხდარიყო ბელერიანდში დატრიალებული ყველა ამბის მომსწრე.

ტურინის გამგზავრება

ჰადორის სახლის აოხრებისა და ჰურინის დაპყრობის შემდეგ მორგოთმა დორ-ლომინი დასავლეთელებს გადასცა.  მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ეხებოდნენ მორვენის საცხოვრებელს. ამ უკანასკნელმა ჰურინის წასვლის წინ ქმრის სიტყვები მოისმინა, საიდანაც ჩანდა, რომ ჰურინი მას თავისუფლებას ანიჭებს და არ სურს, რომ მორვენი ელოდოს მას. მიუხედავად ამისა, მორვენმა დაპირება არ აასრულა და კვლავ მის მოლოდინში იყო. ამასთან, დასავლეთელების შემოსევის შიშით, მან ტურინი დაარწმუნა გამგზავრების აუცილებლობაში. ამიტომაც ბიჭუნა გაემგზავრა დორიათში (ბელერიანდი), ელფებთან.
საიდუმლო გზით გეთრონმა და გრითნირმა, ჰურინის ძველმა მსახურებმა იგი გაიყვანეს აჩრდილოვან მთებში და მიიყვანეს ბელერიანდში, თინგოლისა და მელიანის სამეფოში, სადაც ეს ორი, ბელეგ მძლავრმშვილდთან ერთად ზრუნავდა ტურინზე.
ელფებთან გაზრდილი ტურინი თავად დაემსგავსა ელფებს - საუბრით, ქცევით და იერით. ამასობაში მორვენი ზრდიდა ქალიშვილს, ნიენორს.
ტურინს სურდა დედის ნახვა, მაგრამ მორვენი სთხოვდა მას დარჩენას და გამოუგზავნა მამის მუზარადი, თელქარის მიერ გამოჭედილი, დრაკონის იერით.

ტურინი დორიათში

 მცირე დროის განმავლობაში ტურინის დორიათში ცხოვრება მშვიდი იყო. იგი დაუმეგობრდა ტყის ელფების ასულ ნელასს, რომელიც მას თვალს ადევნებდა.
ბელეგისგან ტურინმა ბევრი რამ აითვისა. იგი ბედნიერი იყო. მაგრამ 17 წლის რომ იყო, დედისგან არაფერი გაუგია ახალი. ყველგან გავრცელდა ამბები მორგოთის ძალის გაძლიერებაზე. ამიტომაც ტურინმა სთხოვა თინგოლს შინ გაშვება. მაგრამ დორიათის მბრძანებელმა უარი უთხრა.
სამი წლის განმავლობაში ტურინი ებრძოდა ორკებს, შემდეგ კი დაბრუნდა მენეგროთში. იქ მას შეხვდა საეროსი, მამაცი, მაგრამ მეტად ამაყი გმირი, რომელიც ზევიდან უყურებდა ყველა ადამიანს. საეროსმა დამცინავი ტონით ახსენა დორ-ლომინის ქალები, რის გამოც განრისხებულმა ტურინმა მას სახეში ესროლა თასი.
მეორე დილით საეროსი ტურინს ტყეში გაჰყვა და სურდა მისი მოკვლა, მაგრამ ტურინი ყველანაირად ცდილობდა მის თავიდან აცილებას და არ სურდა ბრძოლა. მოულოდნელად საეროსი თავად დაიღუპა, გადმოვარდა რა კლდიდან. ბევრმა ელფმა დაინახა ეს, მაგრამ არასწორად გადმოსცა ისტორია თინგოლის სასამართლოზე.
შეშინებულმა ტურინმა დატოვა იქაურობა. მაგრამ სასამართლოზე თინგოლმა გაამართლა იგი - ვინაიდან ნელასმა, რომელიც ტყეში იმალებოდა, ყველაფერი უამბო მას. მიუხედავად იმისა, რომ ტურინი წასული იყო, ბელეგს დაევალა მისი მოძებნა და თინგოლის პატიების შესახებ ცნობა.

ტურინი განდევნილებთან

ტურინმა დატოვა დორიათი, იმ ფიქრით, რომ იგი ბოროტმოქმედი იყო. ბრეთილთან ახლოს, ტეიგლინის ტყეში მას  ყაჩაღები შეხვდნენ - ჰადორის სახლიდან განდევნილები. ტურინი შეუერთდა მათ და ამიერიდან თავს ნეითანს (მცდარს) უწოდებდა.
ორი ყაჩაღი, ფორვეგი და მისი ძმა ანდროგი ერთ დღეს გაქრნენ. მოგვიანებით, ტყეში ტურინმა შენიშნა შეშინებული ქალი, რომელსაც ვიღაც მისდევდა. ტურინმა დაჭრა ეს ადამიანი და აღმოაჩინა, რომ ეს ფორვეგია. შეშინებული ანდროგი უყურებდა ამას და როდესაც ტურინმა ჰკითხა, რატომ დასდევდნენ ამ ქალს, მან მიუგო, ”ჩვენ არ ვცნობთ კანონს, კანონი მხოლოდ ჩვენი სურვილებია”. მაგრამ ტურინმა გაანთავისუფლა ქალი.
ბანაკში ანდროგმა მოუყვა ყველას ტურინის საქციელის შესახებ, მაგრამ არავინ გაბედა მის აზროვნებასთან შეჭიდება და ყველამ ტურინი თავის მეთაურად აირჩია.
ბელეგი ზუსტად ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ტურინს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოისმინა მან მაღალ და დიად ადამიანზე, რომელმაც დაიხსნა უცნობი ქალი ყაჩაღებისგან. ტურინის ძიებისას მას მიზნისგან ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ ტურინიც კარგად ხვდებოდა, რომ მას ეძებენ და კვალსაც აქრობდა.
მორგოთის ძალაუფლება იზრდებოდა. ორკები ყველაფერს მოედნენ. ერთხელ ტურინი და ყაჩაღი ორლეგი აღმოაჩინეს და განდევნეს შორს. ორლეგი დაიპყრეს, მაგრამ ტურინი გაიქცა და დაუბრუნდა ყაჩაღებს.
დაბრუნებისას მან იქ ბელეგი აღმოაჩინა. ტურინს გაუხარდა მისი ნახვა, მაგრამ დორიათში დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა, მიუხედავად პატიებისა.
დამძიმებული გულით ბელეგი დაბრუნდა მენეგროთში და იქ ამცნო ტურინის ამბები. მელიანმა ძველი კეთილგანწყობის ნიშნად ტურინს გაუგზავნა ლემბასის, ელფური სამგზავრო პურის ნაჭერი, რომელიც დიდ საჩუქრად ითვლებოდა.

ჯუჯა მიმი

 ბელეგის წასვლის შემდეგ ბანაკმა გადაინაცვლა სირიონის ველზე, სადაც ყაჩაღებმა შეიპყრეს ჯუჯა მიმი. მიმი გამოირჩეოდა სხვა ჯუჯებისგან იმით, რომ მისი მონაპოვარი სიმდიდრე უკანონო იყო - იგი, ისევე როგორც ტურინის თანმხლები ხალხი, იპარავდა სხვების კუთვნილ ძვირფასეულობას.
ტურინმა მას სიცოცხლე უსაჩუქრა, პასუხად მიმმა მათ დაუთმო თავისი სახლი-გამოქვაბული. მიუხედავად ამისა, ღამით იგი ბანაკში დაბმული დარჩა. მთელი შემდგომი დღე ისინი მგზავრობდნენ მისი სახლისკენ. მაგრამ იქ მისულებმა, აღმოაჩინეს, რომ მიმის შვილი, კჰიმი, ანდროგის ისრით დაჭრილი დაიღუპა.
განრისხებულმა მიმმა დასწყევლა ანდროგი და შეჰპირდა, რომ თუკი იგი გამოიყენებს ამ ისარს, თავად დაიღუპება მისგან. ანდროგი იძულებული გახდა, გაეტეხა მშვილდი.
გარკვეული დროის განმავლობაში ყაჩაღები კარგად ცხოვრობდნენ ბარ-ენ-დანვედში, მიმის სახლში. მათ შეისწავლეს იგი, მაგრამ ანდროგმა აღმოაჩინა საიდუმლო კიბეც, რომელზეც არავის უამბო.
ზამთრის დადგომისას აღმონდა, რომ მათ საკვები აღარ აქვთ. აი მაშინ გამოჩნდა ბელეგი, რომელმაც მოიტანა ჰადორის მუზარადი და ლემბასი, რომელიც ყველას დაანაყრებდა. ამიერიდან ტურინი და ბელეგი გაერთიანდნენ.

მშვილდისა და მუზარადის ქვეყანა

ბელეგის ჰურინის ბანაკთან შეერთება და მუზარადის დაბრუნება პატრონის ხელში დიდი ცვლილებების მანიშნებელი იყო. ამასობაში ორკების ურდოები გაძლიერდნენ. მთელ სირიონს მოედო შიში. მორგოთმაც შეიტყო ტურინის ადგილმდებარეობის შესახებ და მას იგივე ბედს უმზადებდა, რაც ჰურინს.
მცირე დროის განმავლობაში ტურინმა მოიგერია ორკები, მაგრამ ბელეგი გრძნობდა, რომ საშიშროება დიდია. ხოლო მიმის წყევლა, რომელიც მან ანდროგს დაადო, თავს იჩენდა - ერთხელ ბრძოლის დროს ანდროგმა ისარი გაისროლა, მაგრამ მას თავად მოხვდა ორკის მოწამლული ისარი. ბელეგის დახმარებით იგი განიკურნა, მაგრამ მიმმა გულში ზიზღი დაიტოვა, ამიტომაც ოცნებობდა ბელეგის განადგურებაზე.
მიმი ორკებთან მივიდა და შესთავაზა გაცვლა - იგი მათ ტურინის სამალავს უჩვენებდა, ორკები კი მას დაუბრუნებდნენ გამოქვაბულს. ისინი დათანხმდნენ.
ორკები მოადგნენ ტურინის თავშესაფარს და სწორედ მაშინ გაუმხილა ანდროგმა ტურინს საიდუმლო კიბის ამბავი. მაგრამ კიბესთან მდებარე გასასვლელთან მათ ორკები დახვდნენ. ანდროგი კვლავ სასიკვდილოდ დაჭრეს, მოწამლული ისრით. ბელეგი დაბმული იქნა მწვერვალზე, ხოლო ტურინი ცოცხლად შეიპყრეს.
როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, მიმმა თავის სახლში შეაღწია, მაგრამ ანდროგმა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დანა ჩაარტყა. შეშინებული და დაჭრილი მიმი გაიქცა. უკანასკნელი ძალებით ანდროგმა გაათავისუფლა ბელეგი და მოკვდა.

ბელეგის დაღუპვა

 რადგან ბელეგმა ვერ იპოვა ტურინი დაღუპულებში, მან დაიწყო ორკების ძიება. გზად მან იპოვა ელფი, დასუსტებული და დაღლილი. ეს აღმოჩნდა გვინდორი, რომელიც გადარჩა ანგბანდის ბრძოლაში.
ბელეგმა გაამხნევა გვინდორი და ორივემ მოძებნა ორკთა ბანაკი. ბელეგმა შეუმჩნევლად მოკლა თავისი მშვილდით ყველა მცველი და გაათავისუფლა ტურინი.
მან შეუხსნა ტურინს ხელები და ფეხები ხმლით, რომელსაც ანგლაჰელი ეწოდებოდა, მაგრამ უბედურება დატრიალდა - ხმალი გაუვარდა და დაჭრა ტურინის ფეხი. დაღლილმა და ნახევრად უგონოდ მყოფმა ტურინმა ვერ იცნო ბელეგი და იმავე ხმლით მოკლა იგი. მოგვიანებით იგი ყველაფერს მიხვდა და შეშინებული იდგა.
ამასობაში ამინდი თითქოს შეიშალა - ჭექა და წვიმა დაატყდა ორკებს და ისინი გაიქცნენ, თანაც, დარწმუნებულები, რომ ტურინი გაექცათ (სინამდვილეში იგი ბანაკთან ახლოს იყო).
გვინდორმა და ტურინმა დაასაფლავეს ბელეგი, რის შემდეგაც გვინდორმა ტურინს შესთავაზა თავისთან, მშობლიურ ნარგოთრონდში წასვლა.

შემდეგ გვერდზე იხილეთ რომანის მოკლე შინაარსის დასასრული
 
the-children-of-hurin-1'ჰურინის შვილები' (იგივე Narn i Chîn Húrin) - ეს არის "სილმარილიონში" შეტანილი ისტორიის 'ტურინ ტურამბარი' ვრცელი ვერსია, რომელიც გამოვიდა 2007 წელს.
ეს არის პირველი ვრცელი და დასრულებული ცალკე წიგნი, "სილმარილიონის" შემდეგ - თუკი არ ჩავთვლით, რომ "დაუსრულებელი მოთხრობების" და "შუამიწეთის ისტორიის" 12 ტომი ეფუძნებოდა პროფესორის შავ მასალას. ასევე აღსანიშნავია, რომ Narn i Chîn Húrin პირველად სწორედ 'დაუსრულებელ მოთხრობებში' იქნა გამოქვეყნებული.
ჰურინის შვილების ამბის დამუშავება კვლავ კრისტოფერ ტოლკინის უშუალო ზედამხედველობით მოხდა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში (წიგნის გამოცემამდე) იგი აგროვებდა და რედაქტირებას უკეთებდა ყველა მასალას, რომელიც რამენაირად იყო დაკავშირებული ტურამბარის ისტორიასთან.
თუკი კარგად გადავხედავთ, შუამიწეთის პირველი ეპოქის სამ ყველაზე მნიშვნელოვან თქმულებას შევამჩნევთ - ბერენისა და ლუთიენის, ტუორისა და გონდოლინის დაცემის და თავად ჰურინის ამბებს. აქედან მეორე, გონდოლინის დაცემაზე, იწერებოდა ცალკე წიგნისათვის, მაგრამ იგი დაუსრულებელი დარჩა. ყველაზე დასრულებული სახე ამრიგად, "ჰურინის შვილებს" ჰქონდა.
ტექსტი უფრო ნაცნობი არის გამოცდილი მკითხველისათვის - რადგანაც მისი ფრაგმენტები უკვე გამოჩნდა "ბელერიანდის თქმულებებში", "დაუსრულებელ მოთხრობებსა" და "სილმარილიონში". ამ ამბის ფრაგმენტები ასევე ჩნდებოდა სხვადასხვა გამოცემაში, სხვადასხვა სახით.

turinoutlaws


ეს არის ისტორია ტოლკინის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ გმირზე, ტურინზე,smqi3_thumb რომლის მამა, ჰურინი, დაპყრობილი იქნა მორგოთის მიერ, დამწყვდეული იქნა ანგბანდში, დიდ ქვის სავარძელზე და სამუდამოდ დაწყევლილი იქნა, თავის მოდგმასთან ერთად. შესაბამისად, ეს წყევლა შეეხო მის ცოლს, მორვენს, მის შვილებს და მის ხალხს.
მოქმედება ვითარდება ბელერიანდში, შუამიწეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ რეგიონში, პირველ ეპოქაში (იხილეთ მისი რუკა დაწკაპუნებით, მარჯვნივ). ბუნებრივია, რომ წიგნი უფრო ბნელ ფერებს ატარებს, ვიდრე "ჰობიტი" და "ბეჭდების მბრძანებელი", ამიტომაც იგი, შესაძლებელია, ყველას არ მოეწონოს. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჰურინის შვილები" ავსებს გარკვეულ სიცარიელეს შუამიწეთის ისტორიების ქრონიკაში და ამ ქრონიკით დაინტერესებულ ნებისმიერი მკითხველის უცნაურ კითხვებს გასცემს პასუხს. თავისთავად, იგივე მოთხრობილია 'სილმარილიონშიც', მაგრამ ეს მისი უფრო სრული ვერსიაა. აქ არ არიან ჰობიტები, მაგრამ ელფებისა და ჯუჯების მოყვარულიც შეხვდება საყვარელ არსებებს - და მიუხედავად იმისა, რომ ჯუჯა სახელად მიმი ასეთი საზარელია, თანაგრძნობა მის მიმართ ბუნევრივად ჩნდება, ისევე როგორც გოლუმის შემთხვევაში, რომელიც იმდენადვე საბრალოა, რაოდენ არასასიამოვნოც არის.
წიგნის გაფორმება ალან ლის ეკუთვნის. შავ-თეთრი გრაფიკისა და ფერადი ნახატების სახით წარმოდგენილია ჰურინის ტრაგედიის იდეალური ილუსტრირება. ყველა ილუსტრაცია ქვეყნდება პირველად. მათ შორის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია გლაურუნგის მოსვლის ამსახველი, რომელზეც მთელი ტყეები ცეცხლის ალშია გახვეული.
წიგნის ყდა ორი სახის არის. მაგარი ყდის და რბილი ყდის გამოცემას შორის ფერთა ბალანსი განსხვავდება (რბილი ყდის სურათი წარმოდგენილია მარცხნივ). ასევე რბილ ყდაზე მთაზე მდგარი ტურინის გამოსახულება უფრო დაახლოებულია.

ბელერიანდის რუკა ქართულად თარგმნეს - Laegel, The Hobbit
შემდეგ გვერდებზე იხილეთ წიგნის თავების მოკლე შინაარსი
 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

ასეა’ - მიუგო სადორმა, ’ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ჩვენგან მაინც მართალია. მაგრამ აცოცვა მტკივნეულია, ხოლო მაღალი ადგილებიდან დაცემა - იოლი.

ჰურინის შვილები


Tolkien.ge